გორის რაიონულმა სასამართლომ 85 წლის პენსიონერს მერიის მიერ დაწერილი 4 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა – ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ავრცელებს.
იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გორის მერიამ უკანონო მშენებლობის წარმოების გამო დააჯარიმა, თუმცა სასამართლოზე მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯარიმა 85 წლის პენსიონერი უკანონო მშენებლობის წარმოების გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლებმა მიუთითეს, თითქოს ეს ადამიანი აწარმოებდა მშენებლობას. სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ ეს პიროვნება აშენებდა კონკრეტულ ობიექტს”,– ამბობს მერებაშვილი.
მისივე თქმით, სასამართლომ დაკისრებული ჯარიმა ბათილად ცნო.
“უსაფუძვლოდ დაწერილი 4 000-ლარიანი ჯარიმა გავასაჩივრეთ და სასამართლოს სარჩელით მივმართეთ. იქიდან გამმდინარე, რომ მერიამ ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ბათილად ცნო”, – აღნიშნავს იურისტი.