ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში ხალხური რეწვის ფესტივალი „წაღვლი-ფესტი 2024“ ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები მიიღებენ.
“ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფისა და კულტურის ელემენტები, ქართლის რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარული ნიმუშები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები, ეკოლოგიურ გარემოში შეგროვებული სამკურნალო მცენარეები, სპორტისა და ხალხური თამაშობების არსებული და მივიწყებული სახეობები და სანახაობითი წარმოდგენების ელემენტები“, – უთხრეს “მოზაიკას” ფესტივალის ორგანიზატორებმა.
ღონისძიება წაღვლის საჯარო სკოლის ეზოში 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე იწყება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
“ფესტივალზე ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი პროდუქციის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე თემების გაძლიერებას, მეწარმეთა ქსელის გაფართოებას, მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას”.
ღონისძიებას „ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.