სტატიები

ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის, როგორ მოხვდა “ოცნების” ბანერები მუნიციპალურ ავტობუსებზე

გორის მუნიციპალურ მიკროავტობუსებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებია გამოკრული, რაც იურისტების შეფასებით, დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ სააგენტოსა და პარტიას შორის სარეკლამო ადგილის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება არსებობს.

“სამართლებრივად კანონს არ არღვევენ, თუ მათ ა(ა)იპისგან აქვთ ნაყიდი სარეკლამო მომსახურება, მუნიციპალურ ავტობუსებზე საარჩევნო მასალის განთავსების მიზნით”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, თეა თედლიაშვილი. 

რა შეთანხმების საფუძველზე მოხდა “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა მუნიციპალურ ტრანსპორტზე – ამის გარკვევა “მოზაიკამ” ტრანსპორტის სააგენტოში სცადა, თუმცა როგორც მისმა ხელმძღვანელმა გვითხრა, მას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან მსგავსი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

” ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ეს ბანერები ავტობუსებზე დავინახე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სააგენტოსთვის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუმართავს რეკლამისთვის, მათ შორის არც “ქართულ ოცნებას””, – ამბობს ჯირკველიშვილი. 

ჯირკველიშვილის თქმით, სააგენტომ ავტობუსებზე სარეკლამო ადგილები გასულ წელს ელექტრონული აუქციონის წესით ფიზიკურ პირზე გაასხვისა. სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მიაქირავა სარეკლამო სივრცეები მმართველ პარტიას.

როგორც ვიცი, ფიზიკურმა პირმა გაიმარჯვა და არენდით აიღო ავტობუსებზე სარეკლამო ბანერები. ამის შემდეგ, მან ავტობუსებზე თავისი ნომერი გამოაკრა რეკლამისთვის. მას შემდეგ, მან ვის გაუფორმა სარეკლამო ხელშეკრულება, ნამდვილად არ ვიცი“, – გვითხრა ჯირკველიშვილმა.

ფიზიკური პირის ვინაობა, ვინც ტრანსპორტის სააგენტოსგან სარეკლამო ადგილები იქირავა, არსად ფიქსირდება. მის ვინაობას არც სააგენტოში ამხელენ.

ამ დრომდე ვერც იმის დადგენა ხერხდება, როგორ მოხდა ახალი ბანერების განთავსება მუნიციპალიტეტის ტრანსპორტზე ისე, რომ პროცესი სააგენტოსთვის უცნობი იყო. ამ საკითხის გარკვევა საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე სთხოვა ირმა ამბრადნიშვილმა, კოალიციის “ცვლილებებისთვის” წევრმა. ამბარდნიშვილი ეჭვობს, რომ სახეზეა საარჩევნო კოდექსის 48-ე და 49-ე მუხლების დარღვევა.

“ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებულია “ქართული ოცნების” სარეკლამო ბანერები, რაც შესაძლოა იყოს საარჩევნო კოდექსის დარღვევა. საოლქოს მივმართე აღნიშნულის შესახებ”, – ამბობს ამბარდნიშვილი.

მისი წერილის მიუხედავად, საოლქო-საარჩევნო კომისიას საკითხი არ შეუსწავლია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.