გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ საკრებულოს მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნული ანგარიში ბიურის სხდომაზე უკვე განიხილეს.
სააგენტო ანგარიშში ხაზს უსვამს იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ქალაქის დღის წესრიგში დგას. ერთ-ერთ ასეთად კი გარე ვაჭრობას ასახელებს.
მუნიციპალური ინსპექცია ამბობს, რომ მიუხედავად აკრძალვისა, კვლავ გამოწვევად რჩება უნებართვო გარე ვაჭრობა.
“გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს უნებართვო გარე ვაჭრობა. 2023 წლის პერიოდში ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გარე მოვაჭრეებისგან გათავისუფლდა გურამიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქუჩები გათავისუფლდა, საჭიროა ქუჩების ყოველდღიური კონტროლი (მონიტორინგი), ვინაიდან გვქონია შემთხვევები, როდესაც გარე მოვაჭრეები ისევ შეეცადნენ ქუჩის დაკავებას”, – ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარე მოვაჭრეებს ტერიტირია გორის მერიამ გასულს წელს იძულებით დაატოვებინა.