გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ამერიკის შეერთებულ შტატებთან არაფერი არ აქვს დასალაგებელი.
„არაფერი არ გვაქვს დასალაგებელი, ყველაფერი იქნება კარგად”, – ეს პასუხი სოსიაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე გასცა, რომელიც შეეხებოდა სინოდის წევრის, მეუფე იაკობის აშშ-ში ვიზიტს და სანქციების კოორდინატორთან შეხვედრას.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” სასულიერო პირი გაგზავნა ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად. სინოდის წევრი მეუფე იაკობი აშშ-ს სანქციების კოორდინატორს ჯიმ ო ბრაიანს შეხვდა.
გარდა ამისა, აშშ-ს საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება საქართველოს შესახებ:
„იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – აღნიშნული განცხადების და დასავლეთისგან არაერთი მწვავე შეფასების მიუხედავად, გორი-კასპის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში გიორგი სოსიაშვილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფერი არ აქვს დასალაგებელი.