სტატიები

აღიარება თუ დაცინვა? – ვინ როგორ აფასებს “ოცნების” სიაში 159-ე და 168-ე ნომრობას

ახალგაზრდები ხაშურიდან და ქარელიდან “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის 159-ე და 168-ე ნომრებად ჩასვა. ორივე მათგანმა “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნა, რომ სიაში საკუთარი ადგილით კმაყოფილია.

მადლობელი ვარ, რომ მოვხვდი პარტიის სიაში”, – გვითხრა შოთა ბერუაშვილმა, რომელიც ქარელში “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

მადლობელი ვარ, რომ ყველაზე სანდო 170 ადამიანში ვარ”, – გვითხრა გიორგი მაჭარაშვილმა, რომელიც ხაშურში “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ სიაში საკუთარი ადგილები რეალურად ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს.

“თავისიანებსაც რომ დასცინიან”, – ასე ეხმაურება საზოგადოების ნაწილი 150-წევრიანი პარლამენტისთვის “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ 170-კაციან სიას.

ბოლო კვლევის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულად დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა, “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 32%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მმართველის პარტიის ქცევას საკუთარი მხარდამჭერების შეურაცხყოფად და დაცინვად აფასებს ადგილობრივი ოპოზიციაც. 

| “ეს 170 კაცია სია საკუთარი მხარდამჭერების დაცინვაა”.

მოქალაქეების აზრს იზიარებს ქარელის საკრებულოს წევრი ენმ-დან მარიამ ქელეხსაშვილი და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მხარდამჭერებს დასცინის.

“ქართული ოცნება თავის ამომრჩეველს, თავის მხარდამჭერს დასცინის ამით. სასაცილოა, რადგან ყველამ ვიცით, რომ რეალობაში ვერ მოხდება მსგავსი ვერაფერი“, – აღნიშნავს მარიამ ქელეხსაშვილი.

კოალიცია  “ძლიერი საქართველოს” წევრის ზურა ლეკიშვილის შეფასებით კი ქართული ოცნება მხარდამჭერებს ილუზიაში ამყოფებს.

“ოცნება ისე გვაკვირვებს, არც ეს აღარ არის მაგათგან გასაკვირი. ესენი რომ უმრავლესობით ვერ გავლენ და 150 კაცს პარლამენტში ვერ შეიყვანენ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს 170 კაცია სია საკუთარი მხარდამჭერების დაცინვაა, აბსურდი და ილუზიაა. ესენი ყველას ატყუებენ და რა თქმა უნდა თავისიანებსაც”, – ამბობს ლეკიშვილი.

ინფორმაციისთვის, 150-წევრიანი პარლამენტისთვის 170-კაციანი პარტიული სია “ქართულმა ოცნებამ” 26 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.