სტატიები

“ჩვენ ავირჩევთ ევროპას” – გორელი ახალგაზრდები არჩევნების მოლოდინში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებზე ახალგაზრდები ავირჩევთ ევროპას, – ამბობს ნიკა ჯაბახიძე. ახალგაზრდებს ამის თქმის საფუძველს ის საპროტესტო ტალღა და გამოხმაურებები აძლევთ, რომელიც ე.წ. რუსული კანონის განმეორებით ინიცირებას, მოსმენებს და მიღებას ახლდა თან.

“წლევანდელი წელი იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი ქართულ პოლიტიკაში, რადგან თითქოს დავდექით გზაგასაყარზე – ვირჩევთ ევროპას, თუ ვირჩევთ რუსეთს, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება მოგვიტანა”, – ამბობს ნიკა.

| “ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს არჩევნებზე წასვლას, რომ  თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ცხოვრების ბედი”.

მისი თქმით, ის და მისი თაობის წარმომადგენლები კარგად იცნობენ ევროპულ სიკეთეებს და ახლა, როცა არჩვანი რუსეთსა და ევროპას შორის კეთდება, ისინი ირჩევენ ევროპას.

“ახალგაზრდებში ძალიან მაღალია ცნობადობა ევროპის მიმართ. აქედან გამომდინარე ახალგაზრდები ვირჩევთ ევროპას და სწორედ ეს არის ის გამოსაფხიზლებელი ამბავი, რაც უფრო აქტიურს ხდის ახალგაზრდებს და ეს იქნება ალბათ გადამწყვეტი წლევანდელ არჩევნებში, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს წასვლას, რომ  თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ცხოვრების ბედი”, – აღნიშნავს ჯაბახიძე.

| “იმედი მაქვს, ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეცვლით.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტი აიფერ მამაი ერთ-ერთია, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა. მისი თქმით, თუ აქამდე არჩევნებში ახალგაზრდების დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა, ეს არჩევნები ამ პრაქტიკას შეცვლის.

“არჩევნებზე წასვლა არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ მივდივართ ახალგაზრდები, რადგან თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე გაკეთდება სწორი არჩევანი და ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს აიფერი.

| “მე მინდა რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამას აუცილებლად დავაფიქსირებ არჩევნებზე”.

გორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი მედეა პავლიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობა ახალგაზრდებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რადგან მომავალს კარგავენ და იმედოვნებს, რომ ეს მათ აქტიურობაშიც აისახება.

“26 ოქტომბერს მე აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებაა წვლილი შევიტანო ქვეყნის პოლიტიკური კურსის არჩევაში. მე მინდა რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამას აუცილებლად დავაფიქსირებ არჩევნებზე, მოგიწოდებთ ყველანი წახვიდეთ და გამოხატოთ თქვენი პოლიტიკური ნება”, – აღნიშნა მედეამ.

| “ველოდები ქვეყნის წინსვლას და განვითარებას წინ, ევროპისკენ”.

მამუკა ზოლოტარიოვი 18 წლის ახლახანს გახდა, 26 ოქტომბერს ის თავის პირველ არჩევანს გააკეთებს.

“წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე. ამ ეტაპზე თითოულ ამომრჩეველს და თითოეულ ხმას აქვს დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებზე. ველოდები ქვეყნის წინსვლას და განვითარებას წინ, ევროპისკენ”, – გვითხრა მამუკამ.

გორის საარჩევნო ოლქში 1 348 ამომრჩეველია, რომელიც წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.