ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე მერის თანამდებობა დატოვა – ამას კი წინ უძღვოდა საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი წარდგენა გორი-კასპის დელეგატის პოზიციაზე. “ქართულმა ოცნებამ” ხინჩეგაშვილი საპარლამენტო სიაში ჩაწერა 49-ე ნომრად, რის გამოც მას თანამდებობის დატოვებას კანონი ავალდებულებდა. ხინჩეგაშვილის პოლიტიკური კარიერა 2021 წლიდან იწყება, როდესაც ის მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად წარადგინა. მაშინ ხინჩეგაშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში უამრავი დაპირება იყო. მას შემდეგ, რაც მან მერის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ხინჩეგაშვილს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა.
რატომ უნდა ენდოს კიდევ ერთხელ ამომრჩეველი გორი-კასპის დელეგატობის კანდიდატს, მაშინ როდესაც მერად ყოფნის პერიოდში დაპირებების უმრავლესობა გვერდით გადადო და ხალხი დაივიწყა – ეს არის ის მთავარი შეკითხვა, რომელსაც საზოგადოება სვამს.
შეღავათები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, უფასო სასადილო, გენგეგმის დამტკიცება, ტანის ხეობის სათავგადასავლო პარკის მოწყობა, სხვადასხვა სოციალური პროექტები – ეს იმ დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ხინჩეგაშვილმა 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გასცა და რომლებიც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, შეუსრულებელია.
| “ყველას კარგად მოეხსენება, რომ მან არც გეოგრაფია იცის, არც კითხვა იცის და შესაბამისად, არც ის კომპეტენცია აქვს, რომ პარლამენტში კანონებს ქმნიდეს და იღებდეს”.
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარდა შეუსრულებელი დაპირებებისა, სწორედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში გადაწყდა გორში მასობრივი ნაგავსაყრელის მოწყობა კვერნაკის დასახლებაში. ფანქველაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ხინჩეგაშვილის კომპეტენციას, თუ რამდენად შეძლებს ის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში.
„ხინჩეგაშვილს წინასაარჩევნო პროგრამაში უამრავი დაპირება ეწერა. მათ შორის, არის უფასო სასადილო, ასევე სატრანსპორტო შეღავათები სტუდენტებისათვის და შშმ პირთათვის. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილი გვპირდებოდა ტურისტული ზონების გაუმჯობესებას – ატენის ხეობის გალამაზებას და ტურისტული სივრცედ ქცევას. ამ ყველაფრის გაკეთების ნაცვლად, მან ხელი არ შეუშალა იმას, რომ გორი ნაგავსაყრელად ქცეულიყო, სადაც დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში 5 ქალაქის ნაგავს ჩამოიტანენ. მას ახლა უნდა რომ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში, არ ვიცი, მან რა კანონი უნდა წარადგინოს, რა ინიცირება უნდა დააყენოს, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ მან არც გეოგრაფია იცის, არც კითხვა იცის და შესაბამისად, არც ის კომპეტენცია აქვს, რომ პარლამენტში კანონებს ქმნიდეს და იღებდეს“, – აცადებს ხინჩეგაშვილი.
| “ამ დროის განმავლობაში უამრავ საკითხი იყო, რომლის მოგვარებასაც აუცილებლად მოასწრებდა და უზრუნველყოფდა პასუხისმგებლიანი და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების მქონე მერი”.
შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკამ” 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ხინჩეგაშვილისგან მიიღო დაპირება, რომ მოხდებოდა მუნიციპალური ორგანიზაციების ოპტიმიზაცია. ამისთვის, გორის მერს ორგანიზაციამ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტიც შეიმუშავა, თუმცა მერად არჩევის შემდეგ, ხინჩეგაშვილმა ეს დოკუმენტი დანარჩენ დაპირებებთან ერთად, გვერდით გადადო. გარდა ამისა, “მოზაიკა” აქტიურად ლობირებდა ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებასაც, რომელიც ასევე ხინჩგაშვილის წინასაარჩევნო დაპირებების ნუსხაშიც იყო, თუმცა ესეც დღემდე შეუსრულებელია.
“ამ დროის განმავლობაში უამრავ საკითხი იყო, რომლის მოგვარებასაც აუცილებლად მოასწრებდა და უზრუნველყოფდა პასუხისმგებლიანი და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულების მქონე მერი, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე მას დაავიწყდა, რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა მოქალაქეებთან და არა პარტიასთან. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდით ორ მნიშვნელოვან საკითხზე – ერთი ეს იყო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია და მეორე, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება. ორივე შემთხვევაში, გქონდა მომზადებული სტრატეგიული ხედვის დოკუმენტები და პრაქტიკულად მერს უბრალოდ უნდა უზრუნველეყო ამ დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება, რის შემდეგაც მას სათქმელი ექნებოდა, რომ უზრუნველყო ააიპ-ების გამართული და ეფექტური მუშაობა და პლუს ამას, ქალაქ გორს დაუტოვა გენერალური გეგმა, რაც პირველ რიგში ამ ქალაქს გახდიდა უსაფრთხო საცხოვრებელ სივრცეს და ასევე, დაიცავდა დამახინჯებისგან, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. სამწუხაროდ, არც ერთი გააკეთა და არც მეორე“, – აცხადებს “მოზაიკას” დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.
| “დაპირებების უმრავლესობა დარჩა შეუსრულებელი”.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი მაკა კოჭლამაზაშვილი ყურადღებას ხინჩეგაშვილის კიდევ ერთ დაპირებაზე ამახვილებს – გორის უკვე ყოფილ მერს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უნდა მოეგვარებინა, თუმცა კოჭლამაზაშვილის თქმით, ხინჩეგაშვილმა დაპირებების შესრულების ნაცვლად, ნეპოტიზმით დაამახსოვრა ხალხს თავი.
„ყველას გახსოვს ოთხი წლის წინანდელი აწ უკვე ნეპოტიზმით ცნობილი გორის მოჭიდავე მერის მხრიდან საარჩევნო პროგრამის კომიკური წარდგენა, საიდანაც როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ მოსახლეობამ ვერ გაიგო ვერაფერი, ვერ გაიგო თვითონ უკვე ყოფილმა მერმა ლადო ხინჩეგაშვილმაც, რადგან დაპირებების უმრავლესობა დარჩა შეუსრულებელი. ერთ-ერთი მისი დაპირება მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება იყო, თუმცა მხოლოდ უარესობისაკენ შეიცვალა მდგომარეობა დღეს ბევრად უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, ვიდრე ეს 3 წლის წინ იყო“, – ამბობს მაკა კოჭლამაზაშვილი.
| “ფაქტია, რომ პოლიტიკოსობა მისი საქმე არ არის და სჯობს ისევ თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს”
კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქეთი გოგიაშვილი აცხადებს, რომ ხინჩეგაშვილი იყო წარმატებული სპორტსმენი, თუმცა აღმოჩნდა რომ წარუმატებელი მერი და პოლიტიკოსია, ამიტომ გოგიაშვილი მას ურჩევს, რომ ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს.
„ლადო ხინჩეგაშვილმა გორის მოსახლეობას თავი დაამახსოვრა არა დაპირებების შესრულებით და პრობლემების მოგვარებით, არამედ ნეპოტიზმით, რუსული ვოიაჟებით და სულელური გამონათქვამებით, რომელიც ხალხში კურიოზებად დარჩება. ფაქტია, რომ პოლიტიკოსობა მისი საქმე არ არის და სჯობს ისევ თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს”, – აცხადებს ის.
| “არჩევნებზე დარწმუნებული ვარ მოსახლეობა საკადრისს პასუხს გასცემს მმართველ პარტიას”
პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი შმაგი ხუბულური ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდა, რადგან საპარლამენტო სიაში მოქმედი მერი ჩასვა. ხუბულური აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დიდი ხანია დაივიწყა ხალხი და ის დაპირებები, რომელსაც მუდმივად გასცემენ ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში.
„ხინჩგაშვილის საპარლამენტო სიაში ჩასმით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან უჭირს ელექტორალურად და სულ არ აინტერესებთ დაპირებები, რა დაპირებებიც გასცეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მათ არ აინტერესებთ მოსახლეობის ინტერესები, ისინი გადასულები არიან როგორღაც გადარჩნენ, როგორღაც რაღაც შედეგი დადონ და ეს გადაადგილებებიც ზუსტად მაგას ემსახურება. არჩევნებზე დარწმუნებული ვარ მოსახლეობა საკადრისს პასუხს გასცემს მმართველ პარტიას“, – აცხადებს ხუბულური.
ავტორი: გიორგი დვალიშვილი