“ქართული ოცნებისგან“ მიტოვებულია ხალხი – ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბადრი ბასიშვილი, რომელმაც სოფელ სვენეთში ერთ – ერთ ადგილობრივთან, ნოდარ გოდელაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა.
შეხვედრაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ქვეყანაში და განსაკუთრებით სოფლებში არსებულ სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშა, რომ გაჭირვების გამო ემიგრაციამ იმატა, რის შედეგადაც სოფლები იცლება.
“ასიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ნოდარის ვითარება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში უამრავი ჩვენი მოქალაქის ოჯახი. მისი 10-წევრიანი ოჯახიდან 9 წევრი ემიგრაციაშია და ის მარტო დარჩა ამ სახლში, რომელიც ფაქტიურად თავზე ენგრევა. გაჭირვებამ დაცალა სოფლები და ქალაქები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შეთავაზებები იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, რომ მათ დაიწყონ საქართველოში დაბრუნება”, – აღნიშნა ბასიშვილმა
ბასიშვილი ამბობს, რომ ემიგრანტების დაბრუნება აუცილებელია, რასაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება.
“ჩვენი გენოფონდი განადგურების პირას არის. არის მუნიციპალიტეტები, სადაც ძალიან შემცირებულია შობადობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ემიგრანტებს, რათა დაბრუნდნენ და აქ შევუქმნათ ღირსეული პირობები, შესაბამისი სამუშაო ადგილებით. ჩვენი მოქალაქეები თავის ენერგიიას დახარჯავენ ჩვენს ქვეყანაში შექმნიან დოვლათს და აღარ ექნებათ სურვილი მიატოვონ ოჯახები”, – ამბობს ის.
სოფელ სვენეთში ცოტაა ისეთი ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც ემიგრაციაში არ იმყოფება. ამ ოჯახებს შორისაა ნოდარ გოდელაშვილი, რომლის ოჯახის 9 წევრი ეკონომიკური პრობლემების გამო ემიგრანტი გახადა.
“ოჯახი არ მინახავს 5 წელია. ამ წლების განმავლობაში ბავშვების ნატრული ვარ. ზოგჯერ იმის საშუალებაც არ არის ინტერნეტი ჩავრთო და სოციალური ქსელით დავეკონტაქტო. ორი წლის მყავს პირველი შვილიშვილი, მეორე წლამდე და ტელეფონის იქით მე არცერთი ნანახი არ მყავს”, – გვიყვება ნოდარი.
მარტოდ დარჩენილ კაცს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება – სახლი, სადაც ცხოვრობს, დანგრევის პირასაა. ამბობს, რომ არაერთხელ სთხოვა მერიას დახმარება, თუმცა უშედეგოდ.
“სახლის შეკეთებას ვითხოვ. კოტე თავზარაშვილიდან მოყოლებული შემაქვს განცხადება და მეუბნებიან, რომ ფინანსები არ აქვთ. ძალიან მიკვირს, თუ ფინანსები არ არის, როგორ დადიან მილიონნახევრიანი მანქანებით?! ან ის ქარხნები სად არის, რომ გვპირდებოდნენ დაგასაქმებთო. მართლა რომ ყოფილიყო, მე ჩემს ოჯახს აღარ გავუშვებდი ემიგრაციაში, ვიმუშავებდით, ერთად ვიქნებოდით. გაჭირვებამ აიძულა ისინი, რომ წასულიყვნენ, საჭმელი სასმელი რომ არ გვქონდა, ეს გახდა მიზეზი”, – აღნიშნა ნოდარმა
ინფორმაციისთვის, ბადრი ბასიშვილი კოალიციის “ერთიანობა” პარტიული სიის 35-ე ნომერია.