სტატიები

გორის საოლქო საარჩევნო კომისიას სხდომების თარიღის დამალვაში ადანაშაულებენ

“არჩევნები დაიწყო და ოლქებშიც დაიწყო საბავშვო თამაშები “აბა დამაცადე”, – წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში. 

ის “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში. როგორც ამბარდნიშვილი წერს, ოლქმა სხდომების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. 

“მივმართე, ეცნობებინათ ოლქში დანიშნული სხდომების თარიღი და დრო. მიპასუხა ოლქმა, რომ კანონი არ ავალდებულებს შემატყობინოს სხდომის დრო, ვინაიდან მხოლოდ ოლქში დანიშნული კომისიის წევრებს აფრთხილებენ! მინდა, მკითხველს ავუხსნა, რომ ოლქში სხდომები საჯაროა და პარტიის წარმომადგენელს კი არა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს”, – ვკითხულობთ ამბარდნიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.  

| “საბჭოთა ეპოქის ატრიბუტიკას “კედლის დაფას” იყენებენ ინფორმაციის და შეტყობინებისათვის”

მისი თქმით, ოლქმა წერილობით აცნობა, რომ სხდომების შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში “თვალსაჩინო ადგილას” აკრავენ. 

“საბჭოთა ეპოქის ატრიბუტიკას “კედლის დაფას” იყენებენ ინფორმაციის და შეტყობინებისათვის. ანუ უნდა “შევირბინოთ” და ისე გავიგოთ, ოლქში რა ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს, აყვანილი და დაქირავებული ჰყავს ცესკო-ს დამხმარე პერსონალი და ის ვერ მოუხერხებიათ, მონიშნონ ყველა განმცხადებელი და ელ.ფოსტაზე გაუგზავნონ შეტყობინება. ძალიან სამარცხვინოა, რასაც კადრულობთ”, – წერს ირმა ამბარდნიშვილი. 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იგივე უთხრა “მოზაიკასაც” – საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, ინფორმაცია სხდომების შესახებ “თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული.”

“წერილობით რაც ვაცნობეთ, ისაა ჩემი პასუხი. სხდომების შესახებ ინფორმაცია გამოკრულია საოლქო საარჩევნო კომიისის შენობაში”, – გვითხრა მირუაშვილი. 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფა საოლქო საარჩევნო კომისიის ვალდებულებაა.

“სხდომების საჯაროობა უნდა უზრუნველყოს საოლქო საარჩევნო კომისიამ, როგორც კედელზე გამოკვრით, ასევე თხოვნის შემთხვევაში წერილობით უნდა მიაწოდოს”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, თეა თედლიაშვილი.

იურისტი ასევე განმარტავს, რომ შესაძლოა დროულად ვერ გასაჯაროვდეს იმ სხდომების თარიღი, რომლებიც წინასწარ გაწერილი გრაფიკით არ არის დაგეგმილი.

“არის შემთხვევები, როცა ოლქმა შეიძლება წინასწარ ვერ თქვას, როდის გაიმართება ესა თუ ის სხდომა, თუკი ვინმე მიმართავს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს შეიძლება ხუთი დღით ადრე არ იცოდეს საოლქო კომისიამ. ზოგადად სხდომების შესახებ ინფორმაცია და სხდომები არის საჯარო”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, თეა თედლიაშვილი. 

რას ამბობს საარჩევნო კოდექსი ?

  • კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.
  • სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა.
  • კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ: ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;
  • ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
  • საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;
  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;
  • ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად;
  • კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.