გორელი ფეხბურთელი ლუკა არაქელოვი საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს. ის ახლა თურქეთში ქალაქ ერზურუმშია და ამხანაგური თამაშებისთვის ემზადება. 15 წლის ფეხბურთელი ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშებს.
“ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ნაკრებში გამომიძახეს. აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა, სულ ვვარჯიშობდი, თავს არ ვზოგავდი, მქონდა ტრავმაც, მაგრამ ვეცადე მალე დავბრუნებოდი სპორტულ ცხოვრებას. მე მქონდა შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა და მიზანს მივაღწიე”.
ლუკა ფეხბურთზე 7 წლის ასაკში შეიყვანეს.
“როდესაც ტელევიზორში ვუყურებდი ფეხბურთს, ძალიან მომწონდა, თუ როგორ თამაშობდნენ. მეც მინდოდა მათსავით მეთამაშა. მთელი ბავშვობა ბურთს ვაგორავებდი, სხვა თამაშები ჩემთვის არ არსებობდა. ამ სპორტისადნი ჩემი სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩენილა მშობლებისთვის, ამიტომ დაახლოებით 7 წლის ასაკში შემიყვანეს ფეხბურთზე. უდიდესი მადლობა მათ, რომ ჩემს მისწრაფებას ხელი შეუწყეს და ახლა იქ ვარ, სადაც სულ ვოცნებობდი მოხვედრას”.
ამბობს, რომ ოცნება აუხდა – ის საქართველოს ჰიმნს ნაკრებთან ერთად შეასრულებს.
“ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში და საქართველოს ჰიმნის შესრულებაა. რაც შეეხება გუნდს, ვისურვებდი მადრიდის “რეალში” მოხვედრას. პატარა ასაკიდან ვგულშემატკივრობ ამ გუნდს და ვიამაყებ, თუ მათ რიგებში მოვხვდები. ვფიქრობ, მთავარი მონდომება, შრომა და სურვილია, მერე ყველაფერი გამოვა”, – ამბობს ის.
ლუკას აზრით, წარმატების მისაღწევად საჭიროა გულით გააკეთო ის, რაც გინდა. ამბობს, რომ ნიჭი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ უდიდესი შრომის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.
ინფორმაციისთვის, ლუკა არაქელოვი საფეხბურთო კლუბი “გორის” აღზრდილია. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, კლუბში მას გიორგი ნერგაძე და შოთიკო ჯაფარიძე ავარჯიშებდნენ.