სტატიები

“გადათხრილ ქუჩებს ზეიმობთ?” – ხაშურელების გამოხმაურება “ღამის შოუს ბენდის” კონცერტზე 

29 სექტემბერს ხაშურში ქალაქის სახალხო დღესასწაული იზეიმეს. ღონისძიებებისთვის ხაშურის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77 856 ლარი დახარჯა, საიდანაც 21 000 ლარი მუსიკალურ ჯგუფს “ღამის შოუს ბენდი” გადაუხადა. 

ხაშურელების ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას ღონისძიებებში დახარჯული თანხის გამო აკრიტიკებს და ახსენებს, რომ ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ასევე არ აქვთ სასმელი წყალი. 

“ძალიან მაინტერესებს, რას აღნიშნავდა პირადად ჩვენი მერი? ალბათ გადათხრილ ქუჩებს ან უასფალტო გზებს, ან სულაც იმას, მოსახლეობის ნაწილს წყალი დღემდე რომ არ აქვს, ხაშურის უახლოეს სოფლებშიც კი”, –  წერს თეო ლურსმანაშვილი.

“ღონისძიებამდე სხვა ღონისძიებებია გასაკეთებელი. მაგალითად ასფალტის საფარი გადათხრილია ქალაქში, სურამშიც იგივენაირად. მერე იზეიმეთ, როცა მოაწესრიგებთ ყველაფერს”, – წერს თინიკო კაპანაძე.

მოქალაქეების კრიტიკას ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უპასუხა. უწყებაში ამბობენ, რომ ქალაქში ქუჩების მოწესრიგება წყლის პროექტის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. 

“„ხაშურქალაქობის“ დღესასწაული ყოველ წელს ტარდება. რაც შეეხება ქუჩებს, მიმდინარეობს წყლის და წყალარინების რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც მოწესრიგდება ხაშურის ქუჩები. პროექტები ასევე აქტიურად ხორციელდება სოფლების მიმართულებითაც”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ სახალხო ზეიმად წოდებული ღონისძიებები წინასაარჩევნო კონცერტებია და ამით ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს. 

“საარჩევნო კონცერტები, ქოცი მომღერლები რომ მონაწილეობენ, ეგ ვიგულისხმე, თორემ ვიცი, რა როდის ტარდება”, – ამბობს ნათია ბაღდავანიძე.  

“სამარცხვინო ადგილობრივი ხელისუფლება, 21 000 ლარი რაში გადაყარეს, ერთი ბენდის ქიცინში, ჯამში 78 000 ლარამდე გადაყარეს, როცა ეს ფული გონივრულად შეეძლოთ დაეხარჯათ. უამრავი პრობლემა აწუხებს ქალაქს, და ესენი ამხელა თანხას, ჩვენს ფულს, რაში ყრიან. მაგრამ მერე პურს და სანახაობას ვის აჭმევდნენ”, – წერს თიკი ბაღაშვილი. 

ინფორმაციისთვის, “ხაშურ ქალაქობის” ორგანიზებისთვისთვის ხაშურის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა ინდ.მეწარმე ანა ტაბატაძეს. თანხა მომღერლებზე, მოცეკვავეებზე, წამყვანებზე, სცენის მოწყობაზე და ფოიერვერკზე გადანაწილდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.