ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, – ის დღეს “ხაშურ – ქალაქობაზე” ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაალ დუგლაძემ დააჯილდოვა.
“ყველა მადლობას ვუხდი, ხაშურელი ვიყავი, ვარ და ახლა უკვე საპატიო მოქალაქეც გავხდი”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
2012-2016 წლებში ის ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო. გელაშვილი “ქართულმა ოცნებამ” პარტიულ სიაში 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზეც შეიყვანა და 11 თვის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტარი იყო. რაც შეეხება მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 1999-2004 და 2004-2006 წლებშიც.
აღსანიშნავია, რომ იგი კენჭს იყრიდა 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებშიც, სადაც ხაშურის მერობის კანდიდატი იყო, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში “ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფდა.
გელაშვილი არის ასევე “ქართული ოცნების” შემწირველიც. მას პარტიისთვის ჯამში 150 000 ლარი აქვს შეწირული.
ინფორმაციისთვის, ვალერი გელაშვილი აშენებს ხაშურის ცენტრში 22 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.