ადამიანები ისტორიები

“არასამთავრობოების დახმარების გარეშე, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა” – ფერმერი რუისიდან

“მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ ბიზნესში”, – გვითხრა დავით ბალიაშვილმა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ფერმის განვითარებას ცდილობს. 

ბალიაშვილების ოჯახმა ეს საქმე 3 წლის წინ, რამდენიმე ხბოს შეძენით წამოიწყო. 

სამი წელია, რაც ეს საქმიანობა დავიწყე. დავიწყე ძალიან მცირედით, პატარა ხბორები ვიყიდე და ნელ-ნელა ვავითარებთ ამ ყველაფერს. მყავს ჰოლშტინური ჯიშის ძროხები, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა“, – გვითხრა დავითმა. 

ბალიაშვილებმა საქონლის მომრავლების პარალელურად, საკვების წარმოებაც დაიწყეს. საკუთარ მიწაზე მოჰყავთ ხორბალი, ქერი და სიმინდი. 

“უკვე დავიწყეთ საკვების წარმოება, მოგვყავს მოსავალი, ხორბალი, ქერი, სიმინდი, ვაწარმოებთ სილოსს, დამჟავებული ბალახი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი ჯიშის პირუტყვისთვის”.

ოჯახს ფერმის განვითარება და გაფართოება უნდა. ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში ევროპული სტანდარტები დანერგონ და სამომავლოდ პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

სლოვაკური განვითარების ფონდის დახმარებით, ტრენინგს დავესწარი, სადაც ევროპული გამოცდილება გაგვიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენთანაც დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტი და ჩვენი პროდუქტიც გავიდეს ევროპულ ბაზარზე“, – აღნიშნავს ბალიაშვილი. 

ოჯახი ამჟამად ყველს ამზადებს და როგორც ბალიაშვილი ამბობს, მისი შეფუთვაც არასამთავრობო ორგანიზაციის “Populis Rei” დახმარებით დაიწყეს. 

“გადმომცეს ვაკუუმის შესაფუთი აპარატი, რასაც ვიყენებ ჩემს მიერ წარმოებული პროდუქციის შესაფუთად და მაღაზიაში შესატანად. მე, როგორც ვთქვი, ჩემი საქმიანობა დავიწყე ნულიდან და რომ არ არსებობდეს ასეთი პატარ-პატარა დახმარებები, ჩვენი მიზნების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა”. 

ბალიაშვილები ორგანიზაციისგან კიდევ ერთ დახმარებას ელიან – მალე მათ მიერ წარმოებული ყველის თბილისში ტრანსპორტირება და სუპერმარკეტებში რეალიზაცია დაიწყება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.