ახალი ამბები

“ჩვენ გუნდის რიგითი ჯარისკაცები ვართ” – თამაზ შიოშვილი ყოფილ მერსა და ახალ პირველ მოადგილეზე

“ჩვენ გუნდის რიგითი ჯარისკაცები ვართ” – უთხრა “მოზაიკას” გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმა, რომელიც პირველ მოადგილედ სიმონ გულედანის არდანიშვნის შემთხვევაში, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდებოდა.

ეს პოლიტიკაა, პოლიტიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. მე ვარ გუნდის წევრი და გუნდი რასაც გადაწყვეტს, ჩვენც იქ ვიქნებით. რიგითი ჯარისკაცები ვართ. სადაც საჭირო იქნება, იქ ვართ”, – გვითხრა შიოშვილმა. 

შიოშვილი პარტიის ყველა გადაწყვეტილებას იწონებს. ამბობს, რომ გულედანს აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მუნიციპალიტეტის მართვისთვის.

“სიმონ გულედანი ერთ-ერთი ძლიერი კადრია, არამარტო მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონში, იმიტომ რომ ის მთელი 8 წლის განმავლობაში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე იყო. ისეთი მიმართულება ებარა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იცის უმაღლეს დონეზე, ყველა საკითხი იცის. ჩვენ ისედაც ვთანამშრომლობდით და რჩევებსაც გვაძლევდა.

რაც შეეხება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ყოფნას, შიოშვილის თქმით, “ხინჩეგაშვილმა პოლიტიკას ალღო მარტივად აუღო.”

“პარლამენტში ის, გაცილებით მომზადებული შედის, იმიტომ რომ სამი წელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო და ქალაქის პირველი პირი. ის კავშირები, რაც მას აქვს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპაში ხელს შეუწყობს დააინტერესოს ჩვენი უცხოელი მეგობრები, ქალაქში უფრო მეტი ინვესტორი შემოიყვანოს. უფრო მაღალ საფეხურზე ავა და ამას ქალაქის კეთილდღეობისთვის გამოიყენებს. 100 %-ით შემიძლია გითხრათ, რომ ლადო უკვე პარლამენტარია, შემიძლია უკვე მივულოცო და წარმატება ვუსურვო”, – გვითხრა შიოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, პირადი განცხადების საფუძველზე, მერის უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. ის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 49-ე ნომერია, შესაბამისად, მას თანამდებობის დატოვებას კანონი ავალდებულებდა. მერის მოვალოებას დღეიდან მისი პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი შეასრულებს, რომელმაც გუბერნიიდან მერიაში რამდენიმე დღის წინ გადმოინაცვლა. 

დატოვეთ კომენტარი