ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის, რადგან ჩვენ ვართ ანწუხელიძის სამშობლო – განაცხადა კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე.
“ამ ქალაქში რამდენიმე დღის წინ მოგვაყენეს უზარმაზარი შეურაცხყოფა. ის განცხადება არის ღალატი, რომ ოკუპანტს მოუხადო ბოდიში. ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის, რადგან ჩვენ ვართ ანწუხელიძის სამშობლო, ჩვენ გვინდა მყარი და ძლიერი სიმშვიდე და არა ასეთი მოჩვენებით”, – თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადება, პირველ რიგში, გორელების შეურაცხყოფა და ღირსების შელახვაა.
“ვინ, თუ არა თქვენ განიცადეთ ის ტკივილ, ის სისხლისღვრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამ ქუჩებში ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. ვინ, თუ არა თქვენ დღესაც კი იშუშებთ იმ იარებს, რომელიც არასდროს არ მოშუშდება. მინდა გითხრათ, რომ ამ სიტუაციას არ მივყავართ იმ რეალობამდე, სადაც არის ნამდვილი მშვიდობა და განვითარება. ამ სიტუაციას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, მივყავართ უკან”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეხვედრას პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად “ძლიერი საქართველოს” მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. ისინი ელოდებიან ცვლილებებს, რომელიც მათივე სიტყვებით, ქვეყნისთვის იქნება გარდამტეხი და სასიკეთო.
“მე პენსიონერი ვარ, მაგრამ ღირსეულ სიბერეზე მეტად, ღირსეულ ქვეყანაში მინდა იცხოვროთ ახალგაზრდებმა. ჯანსაღ ევროპულ საქართველოში. ომი არავის გვინდა, თუ ამ ხელისუფელბის აზრს არ ვიზიარებთ, ომი გვინდაა? ჩვენ მონობა არ გვინდა იმ ქვეყნის, რომელიც რაც თავი მახსოვს, ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა გზებით ესხმოდა თავს. მოვედი აქ და მხარდაჭერას ვუცხადებ ამ გაერთიანებას, მინდა მჯეროდეს, რომ სასიკეთოდ წაადგება მათი საქმიანობა საქართველოს და ქართველ ხალხს”, – ამბობს ცისნამ მაისურაძე.
მხარდამჭერებს სჯერათ, რომ კოალიცია, რომელსაც მხარს უჭერენ, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
“რასაც ვუყურებ ,აქ ბევრი ახალი სახეა, რომლებიც, როგორც იტყვიან, სუფთა ხელებით მოდიან. მჯერა შანსს თუ მივცემთ, ამ შანსს გამოიყენებენ. ჯერ საარჩევნო კამპანიას გავეცანი და შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი რიგითი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, უკეთესი ცხოვრება გვინდა, მაგრამ პირველ რიგში, უკეთესი ქვეყანა. ჩვენ ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას, რომელიც ქვეყნისთვის სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტიაა”, – გვითხრა ნუგზარ რჩეულიშვილმა.
გორში შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ კოალიცია ძლიერ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს არის გაერთიანება, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი დიდიხანია ელოდა.
“ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი. მართლა დიდხანს ელოდა. ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც აი, იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდა – აი, ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა ქართველი ამომრჩევლის, დღეს შედგა და ბუნებრივია, რომ მეც იმ პოზიციაზე ვდგავარ, სადაც მანამდე ვიდექი”, – თქვა მარგველაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, კოალიციის ლიდერები მსგავსი შეხვედრების მოწყობას სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.