“ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა“, – უთხრა ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ ქალებს “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა. თეა თედლიაშვილი აქტიურ ქალებს საარჩევნო უფლებებსა და პროცედურებზე “მოზაიკას” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ესაუბრა.
“მოქალაქეებში ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ ვინმეს შეუძლია გაიგოს, თუ ვის მისცეს ხმა საარჩევნო კაბინაში. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ, რომ ეს არის შეუძლებელი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თამამად და თავისუფლად დაუჭირონ მხარი მათთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს“, – განმარტა თეა თედლიაშვილი.
იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა, თუ რას ნიშნავს ელექტრონული კენჭისყრა და რა პროცედურების გავლა მოუწევთ საარჩევნო უბანზე.
“ელექტრონული კენჭისყრის შესახებ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. ინფორმაციის დეფიციტი განსაკუთრებით სოფლებშია. შეხვედრიდანაც ჩანდა, რომ მოქალაქეებში არსებობს კითხვები და მსგავსი შეხვედრები სწორედ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემისთვის არის საჭირო“, – ამბობს ლანდა ბირთველიშვილი, შეხვედრის ორგანიზატორი.
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა. პროექტს “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული კენჭისყრის შესახებ?
- იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონური წესით ტარდება, სამაგიდო სიები აღარ იქნება.
- ნაკადის მომწესრიგებლის მიერ მარკირების შემოწმების შემდეგ, ამომრჩეველი მიდის ვერიფიკაციის სპეციალურ აპარატთან, სადაც რეგისტრაციას გაივლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებით.
- აპარატის მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო, რაც მეთვალყურეს შედარების შესაძლებლობას მისცემს.
- ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველს უტარდება მარკირება.
- მარკირების შემდეგ, ამომრჩეველი მიიღებს ქაღალდის ბიულეტენს, რომელიც ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომისაა.ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს საარჩევნო კაბინაში, სადაც მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ის წრე, რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
- იმისთვის, რომ ხმის მთვლელმა ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალოს, წრე უნდა გაფერადდეს.
- ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
- კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და მასზე კონვერტს ისე დებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
- აპარატი კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით, ბიულეტენს ავტომატურად აგდებს მის ქვეშ განთავსებულ ურნაში.
- რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია.
- ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შეიძლება, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია, რომ დაბრუნებული ბიულეტენი ხელმეორედ მოათავსოს აპარატში, თუმცა თუ ამომრჩეველი წარწერის გამოტანამდე დატოვებს საარჩევნო უბანს, შესაძლოა, ხმის ფარულობა დაირღვეს.