თუ არ გვინდა მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ყოფნა, არჩევნებზე უნდა წავიდეთ, – ამბობენ ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობენ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აკვირდებიან.
| “ყველა ემიგრანტს გვინდა დავბრუნდეთ სახლში და ვიცხოვროთ ნათელი მომავლით“.
“ყველა ემიგრანტს გვინდა დავბრუნდეთ სახლში, რის საშუალებაც ამ დროისთვის არ გვაქვს, რადგან ყველანი ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაში როგორი გაჭირვებაა, როგორი არასტაბილური პოლიტიკური გარემოა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველამ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, შევცვალოთ მთავრობა, რათა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ვიცხოვროთ ნათელი მომავლით“, – ამბობს ჟურნალისტი მახო მიქელაძე, რომელმაც ორი წელია საქართველო დატოვა და ამერიკაში წავიდა.
მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები და ამ პროცესში ემიგრანტების ჩართვა მნიშნელოვანია.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მართალია ათასობით კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ვადევნებ თვალს, თუ როგორ მიაქანებს “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ, რაც ბუნებრივია არ მინდა. ჩვენ გვინდა დასავლეთი, ჩვენ გვინდა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდეს ნათელი მომავალი. მიიღოს ყველა ის სარგებელი, რასაც იღებენ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები“, – აღნიშნავს მიქელაძე.
| “ემიგრანტები უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რადგან მთელი ცხოვრება ემიგრანტად არ მოგვიწიოს ცხოვრება“.
ამერიკაში, ემიგრაციაში იმყოფება გორელი სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კარიჭაშვილი და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების პერსპექტივას ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ფონზე ხედავს, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა მისთვის უკეთესი მომავლის წინაპირობაა.
“ემიგრანტები უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რადგან მთელი ცხოვრება ემიგრანტად არ მოგვიწიოს ცხოვრება, ოჯახის წევრების, მეგობრების, მშობლების, შვილებისგან მოშორებით არ ვიყოთ. ქვეყანაში შეიცვალოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და განვითარდეს ევროპის და ნატოს მიმართულებით“, – ამბობს ირაკლი.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა მთავარ გამოწვევას საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნები არასაკმარისია და ამით სახელმწიფო ხმის უფლებას ართმევს.
“აქ მყოფი ემიგრანტების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხმის უფლება გვაქვს წართმეული. ნიუორკში სადაც ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ხმას მისცემს მხოლოდ 1500 ადამიანი, იმიტომ რომ საარჩევნო უბანი მხოლოდ ერთია და იქ მხოლოდ ამ რაოდენობის ხმის მიცემაა დასაშვები, მეტს ფიზიკურად ვერც მოასწრებენ. ამერიკაში სულ სამი საარჩევნო უბანი იქნება, ნიუორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი რჩება ხმის მიცემის გარეშე, ეს კი ძალიან გვაწუხებს“, – გვიყვება კარიჭაშვილი.
როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსენება.
| “ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან“.
ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
ასეთ ემიგრენტებს შორისაა ნიკა საძაგლიშვილი. ის პოლონეთის ქალაქ შვინოუიუშცეში ცხოვრობს და იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მას 11-საათიანი მგზავრობა მოუწევს.
“ჩემგან დედაქალაქი ვარშავა, სადაც საარჩევნო შტაბი იქნება, 11 საათის სავალზეა. მატარებლით უნდა წავიდე და დაახლოებით 2 დღე გზაში უნდა ვიყო, რის გამოც მიწევს სამსახურის გაცდენა. ამას შესაბამისი ხარჯებიც აქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ღირს ეს ყველაფერი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, რადგან თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ვისაც ამის საშუალება აქვს და დააფიქსიროს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია“, – ამბობს ნიკა საზაგლიშვილი.
ვის და Როგორ შეუძლია საზღვარგარეთ ხმის მიცემა?
Საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 3 კატეგორიის ამომრჩევლებს. მათ, ვინც
- დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
- რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
- არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.