“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ხალხის გამასხარავების გზა აირჩია”, – ასე აფასებენ საზოგადოებაში მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარი განცხადების გამო, ხალხის მხრიდან დაცინვის ობიქტი გახდა, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. მან მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს სოფლებში წყლის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანეთსა და იტალიის სოფლებშიც არ აქვთ სასმელი წყალი, მანვე დასძინა ,რომ “ეს ვითარება კარგად უნდა გავაანალიზოთ”.
“ესპანეთის ბევრ ქალაქში, სოფლებში წყალი არ არის, როგორც იტალიაში”, – უთხრა მასთან შესახვედრად მისულ მოსახლოებას ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მის ამ განცხადებას, მალევე მოჰყვა საზოგადოების რეაქცია და რამდენიმე დღე გორის მერის აღნიშნული სიტყვები სოციალურ ქსელებში სახუმარო თემად იქცა.
“ის კი არა, რომ ონკანი მოუშვან და წყალი მოვიდეს, საერთოდ არა აქვთ ესპანეთში წყალი. ეს ესპანეთის სოფლებში, იტალიაშიც. კასპში კიდევ, კრძალავენ რაც არ ყოფილა, მაგრამ ხომ კრძალავენ. ეს წინსვლაა ძალიან”.
“მართლა არ აქვთ ესპანეთის სოფლებში წყალი. გაჩეხა ხალხმა ვაშლატამა”.
ხინჩეგაშვილის ამ განცხადების შემდეგ, დაცინვის ობიექტი გახდა კასპის მერი, რომელმაც მასთან შესახვედრად მისულ ადამიანებს უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ, კასპში „ერთსქესიანთა ქორწინება აიკრძალება”. ამას დაამატა ისიც, რომ ევროკავშირი ამგვარი “პრინციპულობის” შემდეგ, თავად სთხოვს საქართველოს, რომ მასთან გაერთიანდეს.
“უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში და ასევე ერთსქესიანთა ოჯახებისთვის ბავშვის აყვანა”, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი კვირაა საზოგადოება აღნიშნულ განცხადებებზე ხალისხობს, ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ეს სულაც არაა სახუმარო, მით უფრო სახალისო, რადგან ხელისუფლება ამგვარი განცხადებებით ცდილობს, მოსახლოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან არაფრისმომცემ საკითხებზე გადაიტანოს.
| “ხელისუფლება ცდილობს არარსებული პრობლემებით გადაფაროს ის პრობლემები, რაც რეალურად აწუხებს ხალხს.”
“კასპი, დღეს არის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი”, – ამბობს ორგანიზაცია “კომლის” დამფუძნებელი თეო დალაქიშვილი.
მისი თქმით, კასპში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები სწორედ ამ საკითხებზე უნდა ესაუბრებოდნენ მოქალაქეებს.
თეო დალაქიშვილი “მოზაიკასთან” საუბრობს, სინამდვილეში რა აწუხებთ კასპში და რისი მოგვარება სურთ, როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს.
“არის დასაქმების პრობლემა, ჰაერის პრობლემა, ჯანდაცვის პრობლემა. მაგალითად, ქალების უმეტესობა გინეკოლოგიურ მომსახურებას საერთოდ ვერ იღებს. არსებობენ დიალეზზე მყოფი ადამიანები, რომლებსაც თბილისში უწევთ წასვლა და ძალიან მწირი თანხით უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება. მწვავედ დგას ასევე, ოჯახში ძალადობის პრობლემა. არ არსებობს არანაირი ახალგაზრდული სერვისი”, – ამბობს დალაქიშვილი.
| “ისინი მოსახლეობას დასცინიან და რაც ისედაც აკრძალულია იმის აკრძალვას პირდებიან”
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” უგულებელყოფს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ადგილობრივები დგანან. მათ განცხადებებს საზოგადოება მიზანმიმართულ პროპაგანდად აღიქვამს, რომლის მიზანი რეალური პრობლემების იგნორირება და პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნაა.
“კასპის მერი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის არის მარიონეტი კაცი, რომელიც კასპის რეალურ პრობლემებს კი არ ახმოვანებს, ივანიშვილის შუშის სასახლიდან წამოსულ მესიჯბოქსებს იმეორებს ათასჯერ მოტყუებულ კასპელ მოსახლეოებაში. ამ გაუსაძლის პირობებში, არც პენსიის მომატების გეგმა აქვთ, არც ეკოლოგიის გამოსწორების, არც 24 საათიანი წყლის მოგვარების გზებს პირდებიან და არც სოფლის დაცლის კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების. ისინი მოსახლეობას დასცინიან და რაც ისედაც აკრძალულია იმის აკრძალვას პირდებიან”, – ამბობს ირაკლი მილაძე, სამოქალაქო აქტივისტი.
| “ამ ყველაფრით აღვივებენ შუღლს და ამაზე არ უნდა გვეცინებოდეს”
მოქალაქები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი განცხადებები მიღმა, რეპრესიული პოლიტიკის ანონსი იმალება, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენის შემთვევაში განახორციელებენ.
“ამ განცხადებებით მუშაობენ ასაკიან ხალხზე, რომლებსაც არ აქვთ მიმღებლობა ლგბტ თემის და ვერაფრით გაიგებენ ამას, ასევე ახალგაზრდების იმ ნაწილზე, რომლებსაც ასევე არ აქვთ მიმღებლობა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ამაზე. სამწუხაროდ, ამაზე არ უნდა გვეცინებოდეს. ეს არის სატირალი, იმიტომ რომ მართლა, რთულად გვაქვს საქმე და მართლა მუშაობს ხალხზე”, – ამბობს იკი ქოთოლაშვილი.