ახალი ამბები

“კასპი არის უღარიბესი მუნიციპალიტეტი – არ არსებობს დასაქმების და ჯანდაცვის სერვისები”

“კასპი, დღეს არის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი”, – ამბობს ორგანიზაცია “კომლის” დამფუძნებელი თეო დალაქიშვილი.  

მისი თქმით, კასპში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები სწორედ ამ საკითხებზე უნდა ესაუბრებოდნენ მოქალაქეებს.

თეო დალაქიშვილი “მოზაიკასთან” საუბრობს, სინამდვილეში რა აწუხებთ კასპში და რისი მოგვარება სურთ, როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს. 

“არის დასაქმების პრობლემა, ჰაერის პრობლემა, ჯანდაცვის პრობლემა. მაგალითად, ქალების უმეტესობა გინეკოლოგიურ მომსახურებას საერთოდ ვერ იღებს. არსებობენ დიალეზზე მყოფი ადამიანები, რომლებსაც თბილისში უწევთ წასვლა და ძალიან მწირი თანხით უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება. მწვავედ დგას ასევე, ოჯახში ძალადობის პრობლემა. არ არსებობს არანაირი ახალგაზრდული სერვისი. თავიდან თანამშრომლობდნენ ჩვენთან და შემდეგ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ ჩვენზე, ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, ამათთან თუ მიხვალთ, მხარს არ დაგიჭერთ და ასე შემდეგ”, – ამბობს დალაქიშვილი. 

მისივე თქმით, მათი ორგანიზაცია არაერთხელ ეცადა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხორციელებინა, თუმცა კასპის მერიამ მათთან სათანადოდ არ ითანამშრომლა. მისი შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება გამოგონილი თემებით ცდილობს არსებული პრობლემების გადაფარვას. 

“ყველამ იცის, რომ კასპი დღეს არის ერთ-ერთი უღარიბესი მუნიციპალიტეტი. გამჭირვალობის ინდექსით კასპმა ძალიან დაბლა ჩაიწია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტშიც ვეხმარებოდით. საიტიც შევუქმენით, მაგრამ ბოლო წამს აირია ყველაფერი. ამ პრობლემების ფონზე, საუბრობენ იმაზე, რომ კასპში უნდა აიკრძალოს გეი ქორწინება, რომელიც როდის იყო საერთოდ, კაცმა არ იცის”, – ამბობს დალაქიშვილი. 

ინფორმაციისთვის, კასპის მერმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში “კასპში აიკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები