სტატიები

მასწავლებლები და დირექტორები კომისიის თავმჯდომარეებად – ვითარება ხაშურის საუბნო კომისიებში 

საარჩევნო კომისიების შემადგენლობა პირდაპირ “ქართული ოცნების” შტაბშია დაწერილი – ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიები ხაშურშიც საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებით დააკომპლექტეს. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია:

  • N6 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე საბავშვო ბაღის აღმზრდელი ზაირა ბლიაძე იქნება;
  • N2 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე მასწავლებელი ნონა ტეფნაძე, ხოლო კომისიის მდივანი ნინო ნადირაშვილი იქნება. 
  • N8 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ მერიის თანამშრომელი მალხაზ ლომუაშვილი დანიშნეს. მისი მოადგილე კი მასწავლებელი მაია ჩაჩანიძე იქნება:
  • N1 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მასწავლებელი ნუნუ ონიკაური იქნება. 
  • N7 საარჩევნო უბანზე კომისიას სურამის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე უხელმძღვანელებს. 
  • N25 საარჩევნო უბანს მასწავლებელი ლიანა ლომიძე უხელმძღვანელებს;

| “სკოლის დირექტორებს პირდაპირ ავალებენ, რომ საარჩევნო პროცესებში მიიღონ მონაწილეობა”

პარტიის “ახალი” წარმომადგენელი თამაზ ქართველიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სკოლის დირექტორებს საარჩევნო პროცესებში ჩართვას იმ იმედით ავალებს, რომ საარჩევნო უბნებზე სრული კონტროლი ჰქონდეს. 

სკოლის დირექტორებს პირდაპირ ავალებენ, რომ საარჩევნო პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. დირექტორები პირდაპირ სუს-ის დავალებით ინიშნებიან სკოლებში, ამიტომ მათ გონიათ, რომ ამ ადამიანებს აკონტროლებენ დაშინებით და ზეწოლით, მაგრამ დარწმუნებული ვარ საარჩევნო გარემო 26 ოქტომბერს ისეთი იქნება, რომ ამას ვერ გადაწონის საჯარო მოხელეების ეს დაშინება. ხალხის უმეტესობა პროგრესულად აზროვნებს და აუცილებლად ცვლილებები იქნება“, – გვითხრა თამაზ ქართველიშვილმა.

| “მართველი პარტია არ აპირებს ჩაატაროს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები”

პარტიის “საქართველოსთვის” წევრის შოთა კურტანიძის თქმით, საუბნო კომისიების დაკომპლექტების მეთოდიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარება სურს. 

ეს ქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს ჩაატაროს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, თუ პედაგოგები არ წარმოადგენენ სამწუხაროდ ნეიტრალური პოზიციის მქონე პირებს და სრულად დაკავშირებულნი არიან მმართველ გუნდთან. ეს ქმედება მიმართულია არჩევნების გაყალბებისაკენ, თუმცა დავძენ, რომ ამ ხელისუფლების დასასრული გარდუვალია”, – გვითხრა შოთა კურტანიძემ.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ საუბნო კომისიები აპლიკანტთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით დააკომპლექტეს. 

უპირატესობა არჩევის დროს მივანიჭეთ მათ კვალიფიკაციას, ვისაც გავლილი ჰქონდა ცესკოს მიერ გამოცხადებული ტრენინგ-კურსები. ჩვენ მათ პროფესიონალიზმს მივანიჭეთ მნიშვნელობა. განაცხადები ჰქონდათ შემოტანილი როგორც სკოლის პედაგოგებს, ასევე საჯარო მოხელეებსაც. კანონის დაცვით იქნება ყველაფერი. ისინი მუშობის დროს ერთ თვიან შვებულებას აიღებე“, – გვითხრა მინდია ქურდაძემ, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 26 ოქტომბერს 38 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი