ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავჯდომარე და მისი მოადგილები აქტიურად არიან ჩართულები “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხშირად დელეგატად წარდგენილი ზაალ დუგლაძის გარეშეც ხვდებიან.
| “დელეგატი დაკავებულია და ამიტომ, მოსახლეობას ძირითადად ჩვენ ვხვდებით”
ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ზაალ დუგლაძე ყველა შეხვედრას, თავისუფალი დროის უქონლობის გამო, ვერ ესწრება.
“თვითონ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენთან ერთად ყველა შეხვედრაზე ვერ დადის, თუმცა ხალხს როდესაც კონკრეტულად მასთან აქვს რაიმე სათხოვარი, ჩვენ მას ლაივში ვერთობით და ისე ესაუბრება ხალხს. ისე დაემთხვა, რომ ხაშურშიც მიმდინარეობს საარჩევნო შეხვედრები და ფიზიკურად ჩამოსვლას ვერ ახერხებს“, – გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ხშირად საკუთარ მოადგილეებთან ერთად დადის, თუმცა როგორც ამბობს, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სახელმწიფო მანქანებს არ იყენებენ.
“ჩვენ საკრებულოს წევრები პოლიტიკური თანამდებობის პირები ვართ და არ გვეკრძალება შეხვედრებში მონაწილეობა. მთავარია სახელმწიფო რესურს არ ვიყენებთ, სახელმწიფოს ავტომანქანებით არ დავდივართ შეხვედრებზე”, – აღნიშნა შუბითიძემ.
შუბითიძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვედრებს მართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა მამესწარაშვილიც.
“კანონის ფარგლებში, ჩართული ვარ წინასაარჩევნო კამპანიაში. რუისში ვარ მაჟორიტარი და ძირითადათ იქ ვხვდები ხალხს. ველაპარაკები ჩვენ სიკეთეებზე, რაც გავაკეთეთ და რასაც შემდგომში გავკეთებთ მათთვის. ერთი სული აქვთ, როდის მოვა 26 ოქტომბერი “ქართულ ოცნებას” რომ მისცენ ხმა და მშვიდობით, ღირსებით წინ წავიდეთ“, – უთხრა “მოზაიკას” მამესწარაშვილმა.
ქარელში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ხელმძღვანელობს.
| “თუ საჭირო გახდა, საარჩევნო კამპანიაში ჩემი მოადგილეებიც ჩაერთვებიან”
ზაზა გულიაშვილი აქტიურად ხვდება მოქალაქეებს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში ამ დროისთვის არ მონაწილეობენ მისი მოადგილეები. როგორც გულიაშვილი ამბობს, თუ საჭირო გახდა, კამპანიას მისი მოადგილეებიც შეუერთდებიან.
“ლადო სულაქველიძე და ნათია მაწონაძე საარჩევნო პროცესებში ჯერ ჩართულები არ არიან, რადგან მათ უამრავი სხვა საქმე აქვთ, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, ისინიც ჩაერთვებიან სამომავლოდ“, – გვითხრა გულიაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო შეხვედრებზე ის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს მიმოიხილავს.
“ხალხი მიხვდა, რომ ის მთავრობა ვართ, ვისაც უნდა ენდოს. ხალხმა დაიჯერა, რომ ცრუ დაპირებები და ლაპარაკი არ არის, ლაპარაკს მოსდევს საქმე. ყველა არჩევნებზე რომელზეც გავდივართ კარგ შედეგს ვდებთ,მოსახლეობაც გვიჭერს მხარს, იმიტომაც ვართ დღეს მთავრობაში”.
“ქართული ოცნების” პარალელურად, ქარელის მუნიციპალიტეტს შეხვედრებს მართავს ოპოზიციაც.