სტატიები

“მან შეურაცხყო ჩვენი გმირების ხსოვნა” – მოქალაქეების პროტესტი ივანიშვილის განცხადებაზე

“ბიძინა ივანიშვლმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გმირების ხსოვნას”, – ასე ეხმაურებიან რიგითი მოქალაქეები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. 

ისინი ამბობენ, რომ ოლიგარქმა და “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა თავისი განცხადებით, ომში დაღუპული გმირების ღვაწლი ფეხქვეშ გათელა. 

“ივანიშვილის ეს განცხადება არის მოღალატეობრივი. ის ცდილობს, ისტორია გადაწეროს, რუსეთის საამებლად”. 

ბიძინა ივანიშვილი გუშინ, 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლის პარტაქტივს შეხვდა. ომგამოვლილი ქალაქის შუაგულში, ბრონირებული ტრიბუნიდან ოლიგარქმა შეკრებილებს მიმართა.

“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. 

აღნიშნულ განცხადებას მწვავე რეაქვია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ერთ-ერთი ვინც, მის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლეა.

“ბოდიში, გიორგი”, – დაწერა სოციალურ ქსელში, მაკა ჩიკვილაძემ.


“ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვაა. ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!”, – წერს შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი სოციალურ ქსელში. 


“ბოდიში შმაგი ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის…ალბათ არ ღირდა…  2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო… ბ ო დ ი შ ი  შ ე ნ !” , – წერს 2008 წლის ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.


ივანიშვილის განცახადების საპასუხოდ, გორში საპროტესტო აქციაც მოეწყო. მოქალაქეები აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან შეიკრიბნენ.

მაგ დროს მეც ვიბრძოდი და ამ მთავრობამ თავზე ლაფი დაგვასხა მებრძოლებს. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ ქართველები ვიყავით ერთიანები და ბედნიერები. დღეს კი, ისე დაიყო საქართველო, რომ ვეღარ ვარჩევ, ვინ ქართველია და ვინ რუსი“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოჩა ბზიშვილმა.

როგორც გორელები ამბობენ, დღევანდელი აქცია იმის სათქმელად გამართეს, რომ რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს და ადამიანებს ახსოვთ საკუთარი ქვეყნის ისტორია. მათი თქმით, ივანიშვილი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და ამისთვის საზოგადოების პასუხს 26 ოქტომბერს, არჩევნებზე მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.