ახალი ამბები

პეტრიაშვილი პრეზიდენტს, ჯილდოს მიღების შემდეგ, ინსტაგრამ-პოსტით გაემიჯნა 

გენო პეტრიაშვილი პრეზიდენტისგან ჯილდოს მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის შეხედულებებს ინსტაგრამ პოსტით გაემიჯნა. 

ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკვრის  სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენთაგანისა! ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკულ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია რომ ჩვენს სამშობლოს ჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – დაწერა გენო პეტრიაშვილმა დღეს დილით ინტაგრამზე. 

ის, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, გუშინ ზურაბიშვილმა ორდენებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებისას, პრეზიდენტმა მიწვეულ სპორტსმენებს სიტყვით მიმართვა:

“თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. და კიდევ, ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელოდებიან, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის. მინდა, სულით და გულით ყველას მოგილოცოთ და აქ შეკრებილ საზოგადოებას მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, დიდი სიხარული, დიდი სიყვარული”. 

გენო პეტრიაშვილი ერთ-ერთია, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და “ქართულ ოცნებას” შეუერთდა – მის ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივარი ბოლო დღეები უწყვეტად აკრიტიკებს. 

დატოვეთ კომენტარი