ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ ქარელი-ხაშურის საარჩევნო ოლქში დელეგატად წარდგენილი ზაალ დუგლაძე ყველა შეხვედრას, თავისუფალი დროის უქონლობის გამო, ვერ ესწრება. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,მას შეხვედრებზე ტელეფონით, ლაივ-რეჟიმში რთავენ.
“თვითონ მაჟორიტარი-დეპუტატი, ზაალ დუგლაძე ჩვენთან ერთად ყველა შეხვედრაზე ვერ დადის, თუმცა ხალხს როდესაც კონკრეტულად მასთან აქვს რაიმე სათხოვარი, ჩვენ მას ლაივში ვერთობით და ისე ესაუბრება. ისე დაემთხვა, რომ ხაშურშიც მიმდინარეობს საარჩევნო შეხვედრები და ფიზიკურად ჩამოსვლას ვერ ახერხებს“, – გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მანქანებს მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის არ იყენებენ.
“ჩვენ, საკრებულოს წევრები პოლიტიკური თანამდებობის პირები ვართ და არ გვეკრძალება შეხვედრებში მონაწილეობა. მთავარია სახელმწიფო რესურს არ ვიყენებთ, სახელმწიფოს ავტომანქანებით არ დავდივართ შეხვედრებზე“, – აღნიშნა შუბითიძემ.
შუბითიძესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს მუნიციპალიტეტის მერიც. ზაზა გულიაშვილი ქარელში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.