ახალი ამბები

ექსპორტი ხდება ევროკავშირში – გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაზე იმსჯელეს

გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმაც იმსჯელეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ვაშლის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებიც. 

“არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას – ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე – ევროკავშირში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს ფერმერების ხელშეწყობას, რათა გაიზარდოს ვაშლის ბაღების რაოდენობა და მოსავალი იყოს მაღალპროდუქტიული.

სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შეთავაზებები, სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას”, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.