“ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდა – ასე აფასებენ გორში სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩასმას.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის სიის პირველი ნომერი პირველად არის. სიის სათავეში ის არც 2012 წლის არჩევნებზე ყოფილა, თუმცა მაშინ მისი სახელი კოალიციის საარჩევნო სახელწოდებაში იყო – „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ და საარჩევნო კამპანიასაც თავად უძღვებოდა.
|”ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხში ისევ ავტორიტეტი აქვს. ამის საპირისპიროს დაუმტკიცებს ხალხი 26 ოქტომბერს”.
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ბოლო ძალებს იკრებს და დაკარგული ავტორიტეტის აღდგენას სწორედ ივანიშვილის დახმარებით ცდილობს.
“12 წელია, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და ბიძინა ივანიშვილი არასდროს სიის პირველი ნომერი არ ყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო რესურსებს იყენებენ. პარტიას უჭირს და შესაბამისად პირადად ივანიშვილი იყენებს თავის რესურსს, რათა ხალხს დაანახოს, რომ იზრუნებს მათზე, ამით კიდევ ერთხელ შეეცდება ხალხის მოტყუებას. ის ფიქრობს, რომ თავისი პიროვნული გავლენები ადამიანებზე იმოქმედებს, რომ მას ხალხში ისევ ავტორიტეტი აქვს, რომლის საპირისპიროს 26 ოქტომბერს ხალხი დაუმტკიცებს“, – განმარტავს თეონა ფანქველაშვილი.
|”ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაშიც, ასე იქნებოდა”.
სამოქალაქო აქტივისტი შოთა ხარიბეგაშვილი ფიქრობს, რომ სიის დაკომპლექტებაში გუნდის ჩართულობა მინიმალური იქნებოდა. ხარიბეგაშვილის აზრით, პირველად ნომრად საკუთარი თავის ჩასმაც ივანიშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა.
“ის, რომ სიის პირველი ნომერია ეს მისი ახირება მგონია და მეტი არაფერი. მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაიკაოს ნებისმიერი პოსტი. ერთ დღეს, რომ მოუნდეს საკუთარი პინგვინი გახადოს რომელიმე რეგიონის გუბერნატორი, ამას ისე დაეთანხმება პარტიის ყველა წევრი, ერთი შემპასუხებელი არ ეყოლება. სირცხვილია, ქართველ ხალხს დასცინის თავის ქმედებებით, თავის ახირებებით და ჭირვეული გადაწყვეტილებებით“, – აღნიშნავს შოთა ხარიბეგაშვილი.
საარჩევნო სიის პირველ ნომრად ივანიშვილის დასახელებამ ოპონენტებს კიდევ უფრო განუმტკიცა მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური დეფიციტი აქვს და ამის შესახებ იცის.
|”ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა “ქართულ ოცნებას” ვერ უშველის”.
გორის საკრებულოს დეპუტატი და პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი თქმით,”ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში უმრავლესობით დარჩენის შანსი აღარ აქვს.
“ძალიან უჭირს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა ვერაფერს უშველით მათ, რადგან ქართველი ხალხი ამ პარტიაზე ძალიან არის გაბრაზებული მარტივი მიზეზის გამო – ის, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც კონსტიტუციურად გაწერილია, რომ 86% მხარს უჭერს ევროპას, ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას, მათ ეს კურსი შეცვალეს და ქვეყანას მიაქანებენ რუსეთისკენ“, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.
|”ივანიშვილი ცდილობს პარლამენტარის იმუნიტეტი მოიპოვოს”.
ევროპული საქართველოს წევრი ეთერ ჯალაღანია დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნება” ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებს და ამ გამოწვევის დაძლევაში პარტიას ბიძინა ივანიშვილიის სიის სათავეში ყოფნაც ვერ დაეხმარება.
“იციან, რომ ამ არჩევნებს წააგებენ და ამ ადამიანს იმუნიტეტი უნდა, თან ის აღარავის აღარ ენდობა, რომ მოიაზროს პირველ ნომრად და თავად დადგა. მისმა გუნდმა ავტორიტეტი დაკარგა და ვისაც ჯერ კიდევ უყვარს ეს ადამიანი, ამით აჩვენებს, რომ პარლამენტში მათ გამო შედის, თუმცა მჯერა ქართველი ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს, რადგან კარგად ხედავს, რომ მათ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის აქვთ გასაკეთებელი, ივანიშვილი კი სიმწრით მოპოვებულ თავისუფლებას და ევროკავშირის სტატუსს რუსულ რუბლებზე ცვლის“, – ამბობს ჯალაღანია.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვლი “ქართული ოცნების” ადგილობრივ პარტაქტივს შეხვდება. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ივანიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორში მართავს. ის ბოლოს ადგილობრივებს 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეხვდა.