“ჩვენ ფრანგული მხარისთვის 30 მილიონი არ გვითხოვია, მათ თავად გამოთქვეს სურვილი თანხა მოეცათ“, – ასე ეხმაურება ხაშურის მერი იმ ფინანსურ დახმარებას, რომლითაც მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, პროექტის განხორციელებას ხელისუფლება უცხოური დაფინანსების გარეშეც შეძლებდა. საუბარია 300 მილიონამდე ლარზე, რომელიც საქართველომ საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან მიიღო.
“ჩვენ ფრანგული მხარისთვის არაფერი არ გვითხოვია, ეს იყო მათი კეთილი ნება. თუ არ იქნებოდა ეს კეთილი ნება, დარწმუნებული ვარ ცენტრალური ხელისუფლება გამონახავდა ამ თანხებს“, – თქვა ხაშურის მერმა.
როგორც ჩიტიაშვილი ამბობს, დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი წყლის პროექტის მეორე ეტაპისთვის არის გათვალისწინებული.
“ფრანგული მხარის კეთილი ნება იყო, რომ დამატებით მათ ხაშურის წყალანირების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოეყოთ 30 მილიონი ლარი, რაც არის პროექტის მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული, რომელიც დაიწყება შემდგომ წლებში. გეგმის მიხედვით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი 2026 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ისეთი ტემპით ვმუშაობთ, 2025 წლის ბოლოს ხაშურს უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“, – აღნიშნა ჩიტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქულ კომპანიას „JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.