ახალი ამბები

ღია წერილი “კავკასიის მედიცინის ცენტრისა” და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზების შესახებ

"მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ ნათია ნადირაძის წერილს

პაციენტზე ზრუნვის ოქროს სტანდარტი და ხალხი, რომელსაც ცოტა ესმის

„სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი და ხალხს,

რომელსაც ცოტა ესმოდა,

ძლივს გამოქონდა სიტყვიდან აზრი,

როგორც ძვირფასი კუბო ეზოდან“

– ოთარ ჭილაძე, „რკინის საწოლი“

ამ წერილის სირთულესა და ტკივილთან ახლოს ვერ მოვა რამდენიმე ასეული Facebook პოსტის, ათობით კვლევის ანგარიშის, ისე ანგარიშისა და ორი სამაგისტრო ნაშრომის წერის გამოცდილება. შესაბამისად, ამ „ნაშრომის“ დაწერა ყველაზე მეტად გამიჭირდა. გამიჭირდა იმიტომ, რომ ყოველ წამს მიწევდა ყელში გაჩხერილი ბურთის მოგერიება და იმაზე ფიქრი, რა შეიძლებოდა წასულიყო სხვანაირად. გამიჭირდა იმიტომაც, რომ ეს წერილი ძალიან რთულ თემებზეა – ტკივილზე, ტრაგედიაზე, ადამიანობაზე, პროფესიონალიზმზე, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მის ნაკლებობაზე, სისტემურ პრობლემებსა და ადამიანების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან და შესაბამისად, ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს. უმეტესობა, სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თუ გრძნობს, ეს შეგრძნება ვერ მიაქვს იმ ადამიანებამდე, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

რთული კიდევ იმიტომ აღმოჩნდა, რომ საქმე, მათ შორის, ჯანმრთელობას და მის დაცვას ეხება. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვარ ექიმის შვილი. ვთვლი, რომ კარგი ექიმის შვილი ვარ, რომელიც გრძნობს მის წილ პასუხისმგებლობას სისტემის და მისი პაციენტების მიმართ. ექიმობა, მოგეხსენებათ ძაღლუმადური საქმეა. ყველა მადლიერი ვერაფრით გეყოლება სულ რომ ცხრაპირ ტყავში გაძვრე და ჯანდაცვაც, საჯარო ან საზოგადოებრივი პოლიტიკის ყველაზე რთული, ეთიკასთან და მორალთან ყველაზე ახლოსმდგომი მიმართულებაა, რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, სიცოცხლესა და მის ხარისხს ეხება. ეს ყველაფერი გადასარევად მესმის და ამიტომ, ყველაზე მეტად არ მინდა, რომ ეს წერილი უმადურობის განცდას ტოვებდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მის მთავარ გმირს, თამარ ჯირკველიშვილს, სოფოს და რატის ძმას, მანანას დისშვილს, ბაჩანას და დედიკას მამას, ვახახის, კიფუს, გიოს, გომერას, ტატულას, რეზოს, თამუნას, გედეს, შალვას და კიდევ ძალიან ბევრის მეგობარს… და ჩემს გიგლიკას ყველაზე გულიანი და წრფელი მადლობის თქმა შეეძლო და არასდროს არ გამოტოვებდა მადლობის თქმის შესაძლებლობას. ამიტომ, ამ წერილს მადლობით დავიწყებ. მადლობა ჩვენი ოჯახების წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს მხარდაჭერისთვის, ზრუნვის, სიყვარულის არდაზარებისთვის და გაღებული სისხლისთვის, ლოცვისთვის. მადლობა უცნობ ადამიანებს, რომლებიც სისხლის ჩასაბარებლად მზად იყვნენ, მადლობა ყველა მედპერსონალს, რომელმაც გიგაზე იზრუნა, მიეფერა და მარტოობა შეუმსუბუქა, ყველას, ვინც ღელავდა მის ჯანმრთელობაზე – როგორც შეეძლო, მადლობა ყველა იმ ადამიანს, მათ შორის კლინიკის თანამშრომლებსაც, რომელნიც ჩვენს ამბავს კითხულობდნენ და გვამხნევებდნენ, „მადლობა კავკასიის მედიცინის ცენტრის“ რეანიმაციის პაციენტების ოჯახის წევრებს და მეურვეებს წუხილის გაზიარების, იმედისა და ლუკმის გაყოფისთვის და რასაკვირველია მადლობა გიგლიკას, იმისთვის, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, უკეთესი ადამიანები დაგვტოვა! გიგლიკას და მის მნიშვნელობას ჩემს და კიდევ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, ეს წერილი კი არა, რომანი არ ეყოფა. ვერც ერთი სიტყვა ან მათი შეთანხმება ვერ აღწერს იმის ტკივილს, რომ ამ წერილის წერა მიწევს ყველაზე კეთილ ბიჭზე, რომელსაც სიცილის დროს თვალები ეხაზებოდა და რომელიც მისი ქარტეხილებით აღსავსე ცხოვრების განმავლობაში ძალიან კარგ ადამიანად დარჩა, რაც ძვირად დაუჯდა, მაგრამ დარჩა. მაგაზე კიდევ დავწერ. მაგისი დროც მოვა.

ვისთვისაა ეს წერილი?

ახლა, მთავარი კითხვა: ვისთვისაა ეს წერილი და რა მიზანს ემსახურება. ეს წერილი ეხება „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ ურთიერთობის ჩვენს გამოცდილებას. თუმცა, სამწუხაროდ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ იგივე გამოცდილება შეიძლება ამ ქვეყნის ყველა სხვა „წამყვან“ სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას მიიღოთ, რომელთა ვებგვერდზეც უხვად იქნება ჩამოთვლილი რეგალიები, დამსახურებები და საერთაშორისო აკრედიტაცია-ჯილდოები. თუმცა, ჩვენი ამ კონკრეტულ დაწესებულებას ეხება და ჩვენი სიმართლეც ესაა.

წერილის მიზანია, ასევე, დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ამ დაწესებულებასთან (და ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო) ან სხვა კლინიკებთან მოუწევთ ურთიერთობა. ვიმეორებ, ეს არის ჩვენი, ჩემი გამოცდილება და გიგას სახელით თავს მოვალედ ვთვლი, ადამიანებს მოვუყვე რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათი ცხოვრების მძიმე პერიოდში.

გიგლიკას ამბავი (მოკლედ)

ჩვენი გამოცდილება ეფუძნება „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, კერძოდ, მისი კრიტიკული მედიცინის განყოფილების, ანუ, რეანიმაციის კარების წინ გატარებულ 108 დღეს. 2024 წლის 22 აპრილს, 44 წლის პაციენტი, გიგა მიხანაშვილი, „თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან“ (TIM) გადმოიყვანეს ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზით. გიგას მდგომარეობა მძიმე იყო არა მხოლოდ ინსულტის, არამედ სტაფილოკოკური ინფექციის გამოც – ამას არავინ უარყოფს. თუმცა, მას ქონდა გადარჩენის რეალური შანსი. ამას მოწმობს სწორედ ეს 108 დღე და პალატაში გადმოყვანისას მისი მდგომარეობა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად: 22 აპრილს, პროფესორმა ვლადიმერ წიქარიშვილმა წარმატებით გააკეთა ოპერაცია, თუმცა, პაციენტის დაცვა ვერ მოხერხდა ჰოსპიტალური ინფექციებისგან, რომლებიც მესამე დღესვე ამოითესა მისი თავზურგტვინის სითხიდან. ამის მიუხედავად, დაახლოებით თვენახევარში, ანუ ივნისის დასაწყისში მაინც მოხერხდა მისი პალატაში გადმოყვანა რეანიმაციიდან, თუმცა ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში, საჭირო გახდა მისი უკან – რეანიმაციაში დაბრუნება, სადაც გიგა 2024 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. ფორმა 100-ში ჩამოთვლილი ცამეტიოდე დაავადებიდან, ათი მაინც საავადმყოფოში მკურნალობის პროცესში შეძენილია. ამ რამდენიმე წინადადებამ ჩაიტია ჩვენი იმედები, რწმენა, მონდომება, ბრძოლა და სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასჯერ ამდენს იმსახურებდა.

საავადმყოფოს “პოლიტიკა”

საავადმყოფოს პოლიტიკა არის მეტად სუმბურული და საიდუმლოებით მოცული დოკუმენტი, რომლის გაგონება ხშირად მოგიწევთ, მაგრამ ნახვით ვერ ნახავთ. ყოველ შემთხვევაში „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ვებგვერდზე ამ სახელგანთქმულ და მრავლისმთქმელ დოკუმენტს მე, პირადად, ვერ მივაგენი.

საავადმყოფოს პოლიტიკა გამოიყენება სხვადასხვა გადაწყვეტილების დასაბუთების ან, უკეთ რომ ვთქვათ „გაპრავების“ მიზნით. მაგალითად: თურმე ნუ იტყვით და საავადმყოფოს პოლიტიკის მიხედვით, რეანიმაციიდან პალატაში გადმოყვანილი პაციენტის ზრუნვა ეკუთვნოდა ნეიროქირურგიულ განყოფილებას (იმიტომ, რომ ნეიროქირურგიული ჩარევის გამო მოხვდა გიგა იქ) მიუხედავად იმისა, რომ გიგა უკვე აღარ იყო ნეიროქირურგის პაციენტი. მას ესაჭიროებოდა კომპლექსური და კოორდინირებული მართვა-მკურნალობა ინფექციონისტის, ჰემატოლოგისა და ნუტრიციოლოგის, კარდიოლოგის, ასევე ნეფროლოგის მონაწილეობით (უმძიმესი ანტიბიოტიკოთერაპიის გამო), რომლის გამოცდილება ნეიროქირურგს უბრალოდ არ ჰქონდა. ამიტომ, გიგა გახდა მისი დედის, თამრიკოს სამართავი, რომელიც თვითონაც გადასარევი ექიმია. მაშ, რა ეშველებათ მათ, ვინც თამრიკოსავით ექიმი არ არის? ან მანანასავით არ აქვს სამედიცინო განათლება? ან სოფიკოსავით არ შეუძლია ყველაფერი გადადოს, დღეში 600-800 ლარის ღირებულების მედიკამენტები უშოვოს ძმას და თან ე.წ. „შავ ბაზარზე“? საქმე ისე წავიდა, რომ ამ ამბავმაც ვერ გადაარჩინა გიგა, მაგრამ ის, რომ მან 108 დღე იცოცხლა, თამრიკოს დიდი ძალისხმევით მოხდა.

საავადმყოფოს პოლიტიკის „წყალობით“, გიგა მალევე დაბრუნდა რეანიმაციაში მკვეთრად გაუარესებული ანალიზებით, ფაქტობრივად, ექთნების იმედზე დატოვებული. საავადმყოფოს პოლიტიკის დოკუმენტი, თუ ის საერთოდ არსებობს, ალბათ, საეჭვოდ დუმს კომპლექსური შემთხვევების მართვის უუნარობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსური და ინტეგრირებული მართვა, უფრო სწორად, მისი არარსებობა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სატკივარია ყველა სფეროში, ამ პრობლემის ასე და ამგვარად არსებობა, ჩემი ღრმა რწმენით, არაფრით არ ათავისუფლებს „პაციენტზე ზრუნვის ოქროს სტანდარტის“ მქონე (ისინი ამბობენ, მე – არა) სამედიცინო დაწესებულებას მისი წილი პასუხისმგებლობისგან. გიგა არ ყოფილა პალატიდან რეანიმაციაში ჩაბრუნებული ერთადერთი პაციენტი – ჩვენთვის ნაცნობი თითქმის ყველა შემთხვევა, ასე დამთავრდა და ასე დამთავრებულების დიდი უმეტესობა, ლეტალურად.

მე არ მესმის, რა უშლის ხელს კლინიკას, ისწავლოს გამოცდილებაზე? ახლაც მგონია, რომ არც ერთ ექიმს არ უნდა მისი პაციენტის სიკვდილი. მაშ, რატომ არ იცვლება საავადმყოფოს „პოლიტიკა“ და რატომ არ იღებენ ზომებს იმისთვის, რომ კლინიკაში შესაძლებელი გახდეს მძიმე პაციენტის კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვა? ალბათ იმიტომ, რომ კლინკას პაციენტები ისედაც არ აკლია და შესაბამისად, არ აკლია შემოსავალიც. დანარჩენი – ლირიკაა.

პაციენტზე ზრუნვის სტანდარტი – JIC

ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, „კავკასიის მედიცინის ცენტრმა“ მოიპოვა JCI – Joint Commission International standards certification, რაც დიდძალი ზარზეიმით აღინიშნა და პაციენტზე ზრუნვის ოქროს სტანდარტად შეირაცხა. ეს სერტიფიკატი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მონაცემების შეგროვებას და მათ გაზიარებას გულისხმობს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რომლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ.

შეიძლება მართალიცაა, მაგრამ გახსოვდეთ, პაციენტზე ზრუნვის სტანდარტი, ამ შემთხვევაში, უწყვეტი საექთნო მოვლა 24 საათის განმავლობაში დამატებითი თანხა დაგიჯდებათ, რომლის ოდენობაც არ ვიცი რაზეა დამოკიდებული – დიდი ალბათობით, პაციენტის ოჯახის ჰაბიტუსსა და ფინანსური მდგომარეობის ამსახველ ატრიბუტიკაზე, ანუ, საავადმყოფოში აწყობილია სისტემა, რომლის წყალობითაც ძალიან მარტივად უზრუნველყოფთ თქვენი პაციენტის მოვლას და ეს თანხა არის ე.წ. out of pocket payment – ჯიბიდან გადახდილი თანხა.

ჩვენი დაკვირვებით პაციენტზე ზრუნვის სტანდარტს მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ მედპერსონალის, განსაკუთრებით მმართველი და გადაწყვეტილების მიმღები რგოლების წევრების ეგოების ჭიდილი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, თქვენი ნებისმიერი შემოთავაზება ალტერნატიული აზრის მოსმენისა და სხვა სპეციალისტის მოყვანის შესახებ, გამოიწვევს ცუდად დაფარულ აღშფოთებას და ამ შემოთავაზების მიუღებლობას, იშვიათი შემთხვევების გარდა.

ამ შემთხვვევაში გამონაკლისს წარმოადგენდა ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, რომელიც გიგას დიდი ხანია იცნობდა და ასევე, სარგებლობდა იქაური მენეჯმენტის კეთილგანწყობით. თუმცა, მოგვიანებით კანდელაკთანაც შეიქმნა კომუნიკაციის პრობელემები, როდესაც მან უარი თქვა საავადმყოფოში მოსვლაზე არც თუ ისე გასაგები მიზეზების გამო.

„ეგ ჩემს რეანიმაციაში ვერ შემოვა და თქვენი პაციენტი სადაც გინდათ იქ წაიყვანეთ“, – გვითხრა რეანიმაციის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი რეანემატოლოგის მოყვანის შეთავაზებაზე. თან, გადასარევად იცოდა, რომ გიგას ვერსადაც ვერ წავიყვანდით მისი მდგომარეობის გამო. „ვისაც ვენდობი, ყველა აქ მყავს“, – გვითხრა კიდევ ერთ შეთავაზებაზე. „ვინც გინდათ ის მოიყვანეთ, მე არ ვარ წინააღმდეგი“, – გვითხრა გიგას გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე, როდესაც მდგომარეობა უკვე ტერმინალური იყო.

ამიტომ, თუ, ღმერთმა დაგიფაროთ და თქვენი ოჯახის წევრი, ნათესავი ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანი რეანიმაციაში მოხვდა, კბილებით იბრძოლეთ თქვენი კანონით მინიჭებული უფლების დასაცავად. წაიკითხეთ საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ ეგოებს, ნურც კოლეგიალობას. გახსოვდეთ, თქვენი პრიორიტეტი სხვაა.

ჰოსპიტალური ინფექციები

ჰოსპიტალური ინფექციები, როგორც თავდაცვის და შეტევის ძირითადი ხაზის, რომ ყველა საავადმყოფოში, მათ შორის მსოფლიოში სახელგანთქმულებშიც, ხდება ჰოსპიტალური ბაქტერიებით დაინფიცირება, არახალი ამბავია. ამ ფაქტს ყველა ფეხის ნაბიჯზე და ყველა წუთს გაგახსენებენ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“. ეს არის თავდაცვის და თავდასხმის ძირითადი ხაზი. თუმცა, რას აკეთებენ პაციენტებისთვის ამ მნიშვნელოვანი რისკის შესამცირებლად, ვერ გაიგებთ.

„არ გინდათ პირბადე“, – მითხრა ერთხელ ძალიან საყვარელმა და კეთილგანწყობილმა ექთანმა, როდესაც გიგას სანახავად რეანიმაციაში შესასვლელად ვემზადებოდი. რატომ უნდა დაბრალდეს ინფექციებს უმართავად დატოვებული პაციენტის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ისედაც დაბალი ბარიერი კიდევ უფრო შესუსტდა უმართავობის გამო?

შესაძლებელი იყო თუ არა, გიგას გადარჩენა საოპერაციო მაგიდაზე ინფიცირებისგან, რამაც 9 მაისს მეორე ოპერაციის საჭიროება წარმოქმნა და გამოიწვია ინფიცირებისა და რეინფიცირების უწყვეტი და საბედისწერო ჯაჭვი? ამაზე პასუხები არ არსებობს. ან არსებობს და თავი არავინ შეიწუხა.

არც გამოსავალი ვიცი – მე არ ვარ არც ინფექციონისტი, არც ეპიდემიოლოგი და არც რაიმე პროფილის ექიმი. მე მხოლოდ მგლოვიარე ვარ და კიდევ წერა-კითხვის მცოდნე. შემიძლია მოვიძიო სტატისტიკა და ის შევადარო ჩვენს ხელშესახებ გამოცდილებას. ზღაპრებისა არ იყოს, რეანიმაციაში შესული ამ 108 დღის მანძილზე ბევრი ვნახეთ, გამოსული – ძალიან ცოტა. „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ რეანიმაციიდან გარდაცვლილი პაციენტები სხვა გასასვლელიდან გაჰყავთ. ჩვენ ვნახეთ ბევრი მგლოვიარე ადამიანი და ოჯახი რეანიმაციის კართან. და მერე ჩვენ თვითონ გავხდით ისინი – მგლოვიარეები. გარდაცვლილები ვერც „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკაში ხვდებიან. იქ მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო პაციენტებისა და ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაა მითითებული.

კომუნიკაცია

კომუნიკაცია ჭირს. ძალიან ჭირს. ის არ მიყვება არანაირ ლოგიკას ან პროცედურას. ერთადერთი სტანდარტი, რომელიც მეტნაკლებად მუშაობს არის 24 საათში ერთხელ პაციენტის ოჯახის წევრებთან გასაუბრება, რაც შემოიფარგლება ანალიზების მშრალად გაცნობით. თქვენი თანამოსაუბრე მშრალად მოგიყვებათ რამდენია ჰემოგლობინი, რამდენი – პროთრომბინი ან ლეიკოციტი. ამ სიმშრალესთან გამკლავება მტანჯველია ადამიანებისთვის, რომლებსაც, გასაგები მიზეზების გამო, ცოტა ან საერთოდ არ ესმით ამ ტერმინებისა. ჩვენ ვნახეთ ბევრი ასეთი ადამიანი. „რა გითხრეს?“ – კითხავდი. „რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთო“, – გეტყოდნენ მოწყენილები.

შაბათ-კვირას და უქმეებზე მხოლოდ დარეკვით შეიძლებოდა ინფორმაციის გაგება. ინფორმაციის გადმოცემის ხარისხზე ასევე მოქმედებდა მოსაუბრის იმჟამინდელი ხასიათი და განწყობა, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ისედაც სუბეიქტურ სინამდვილეს.

სიმართლისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ სამ თვეზე მეტ ხანს როცა ატარებ ერთსა და იმავე ადგილას, ურთიერთობები სხვა ფორმას იძენს: შეუძლებელია თანაგრძნობის გარეშე უყურო რეანიმიაციის კართან შვილის სიცოცხლის ჯიუტად მოდარაჯე დედას. ჩვენ მივდიოდით და მოვდიოდით. თამრიკო 108 დღე და ბოლო პერიოდში, ღამეც არ გამოსულა იმ შენობიდან. ამიტომ, არ უნდა იყოს ეს ურთიერთობები და კეთილგანწყობა დამოკიდებული პაციენტის რეანიმაციაში ყოფნის ხანგრძლივობაზე.

ნონას ამბავი, მაიკოსიც

რადგან საქმე კომუნიკაციას შეეხო, არასდროს დამავიწყდება ნონა, ბათუმელი ქალი, რომელმაც სულ ძალისძალათი ჩამოიყვანა თავისი ქმარი ოლეგი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ოქროს სტანდარტის გამო. ოლეგი თავისი ფეხით შესულა საავადმყოფოში. ოლეგის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის ოპერაციის დასრულებისთანავე გადაიყვანეს პალატაში, სადაც 24 საათიც არ გაუტარებია. მალევე მოხვდა რეანიმაციაში გართულების გამო და იქიდან 2 თვეში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების ამბავი ნონას, რომელიც ნათესავთან იყო თბილისში შეხიზნული და რომ არ შეეწუხებინა მასპინძლები, ძირითადად საავადმყოფოში, რეანიმაციის წინ იჯდა გათენებიდან დაღამებადე, სატელეფონო ზარით შეატყობინეს. არ გამოვიდნენ, მკლავში ხელი არ გამოსდეს, არ შეიყვანეს, ჭიქა წყალი არ დაუდგეს. კარს იქიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისმა ქმრის გულისცემა შეწყდა. მან ვერასდროს გაიგო რას ემსხვერპლა მისი მეუღელე. მაიკოსაც ასე დაურეკეს და თავისი ომარის ამბავი ზუსტად ასე გააგებინეს. უბრალოდ, ნონასგან განსხვავებით, მაიკოს დიდი ოჯახი ახლდა თან, რაც, ცხადია არ ამართლებს საავადმყოფოს კომუნიკაციის “პოლიტიკას” და არც მაიას დანაკარგს ამსუბუქებს. მე არ ვიცი ამ ამბავს რა ქვია, ან პრობლემების რომელ კლასიფიკაციაში გადის: სისტემურში, ადამიანურში თუ პოლიტიკურში (იხ. ნაწილი საავადმყოფოს პოლიტიკის შესახებ). დედაჩემის აზრით, ეს პროფესიული დეფორმაციის შედეგია. ჰო, მგონი ასე უწოდებს მოვლენას, რომდესაც პაციენტისა და მისი თავზე მდგომების სრული დეჰუმანიზაცია ხდება.

დასკვნის მაგიერ

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემადლიერება საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს ჯანდაცვის სექტორში. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უფასოდ მკურნალობს გარკვეულ ნოზოლოგიებს, მართლაც შვებაა ბევრისთვის.

თუმცა, ჯანდაცვა, როგორც ვთქვით, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უფასო მკურნალობა. ბოლოს და ბოლოს, თუ იმ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და საქმეს კომპლექსურად არ მიეხედა, სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობა სერიოზულ ეჭვებს იწვევს. აქ უამრავი კითხვა ჩნდება რეგულაციებთან, ინფექციების მართვასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებთან მიმართებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, მედიკამენტები და მათი ხელმისაწვდომობაა. გიგასთვის საჭირო ორი ანტიბიოტიკიდან ერთს ვაგზლის პატარა აფთიაქებში ვეძებდით (თუ გაგვიმართლებდა, დღეში 600 ლარად!), ხოლო მეორეს მოძიება რუსეთში გახდა საჭირო. კიდევ იყო საჭირო სხვა მედიკამენტების შეძენა, თუმცა, ესენი რა სახსენებელია – ხელმისაწვდომი იყო ქსელურ აფთიაქებში.

ესე იგი, ქვეყანას არ აქვს სარეზერვო ანტიბიოტიკები, საავადმყოფოს შეიძლება არ აღმოაჩნდეს, მაგალითად, ალბუმინი და მათ ვისაც არ აქვთ არც რესურსი და არც გასაყიდი აბადიათ რამე, საკუთარი უმწეობის განცდით მოუწევთ დარჩენილი ცხოვრების გაგრძელება.

ეს წერილი როგორ უნდა დამთავრდეს არ ვიცი. მაგრამ, აქ დაწყებაა მთავარი. იბრძოლეთ საკუთარი და თქვენი ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და რომლებიც გიყვართ. იკითხეთ რჩევა და აზრი და დაიცავით თქვენი უფლებები, როდესაც საქმე თქვენი და რომელიმე კლინიკის ურთიერთობას ეხება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

დატოვეთ კომენტარი