“ქართული ოცნება” ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და ამაში ჩართეს საუბნო საარჩევნო კომისიებიც, – ამბობს ვასილისა ჯაბახიძე, ენმ-ს წევრი.
ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე კომისიების წევრებად და თავმჯდომარეებად “ქართულ ოცნების” მიერ შერჩეული კადრები დაამტკიცა.
ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ეს იმაზე, მეტყველებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
“32 -ეს საოლქო საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები და წევრები. წინა სხდომაზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ თითოეული კანდიდატთან მომხდარიყო გასაუბრება, რაც მხედველობაში არ მიიღო სხდომის თავმჯდომარემ, რაც ნიშნავდა იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისია აუცილებლად დაამტკიცებდა იმ ადამიანებს, რომელთა სიაც “ქართული ოცნების” ოფისშია შედგენილი. მაგალითად, 50-ე, მე-80-ე, მე-15, 47-ე და 94-ე უბანზე, სკოლის დირექტორები არიან დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. ის ადამიანები, რომლებსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე ძალით მიჰყავდათ თანამშრომლები”, – ამბობს ჯაბახიძე.
ჯაბახიძე ასახელებს ისეთ უბნებსაც, სადაც ის წევრები აირჩიეს, რომლებიც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ არჩევნების გაყალბების მცდელობაში ამხილა.
“მაგალითად, 77-ე უბანზე ისევ აირჩიეს ის წევრი, რომელზეც “სამართლიანმა არჩევნებმა” 2021 წელს დაწერა საჩივარი. საჩივრის მიხედვით, ის ხმებს აყალბებდა, კერძოდ, ბიულეტინებს ყრიდა ურნაში. 70-ე უბანზე, მერაბ ჯერანაშვილი, რომელიც არის პროკურორი და მისი ძმა არის გამომძიებელი, მათი ოჯახის წევრი აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც არჩევნების წინ დადიოდა სიით და ხალხს ეუბნებოდა, რომ თუ არ შემოხაზავდა “ქართულ ოცნებას”, მაშინ ეტყოდა ოჯახის წევრებს და ეს ადამიანები სისხლის სამართლის დევნას დაიწყებდნენ ოპოზიციურად განწყობილი პირის წინააღმდეგ”, – განაცხადა ჯაბახიძემ.