“ერთი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს” – უთხრა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მცხოვრებ ქალებს “სამართლიანი არჩევნების იურისტმა. თეა თედლიაშვილმა აქტიურ ქალებს ის ისტორიული ფაქტები გააცნო, სადაც ჩანს, რომ ერთ ხმას შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე.
“ხშირია შემთხვევები, როდესაც ამომრცევლები ფიქრობენ, რომ მათ ერთ ხმას მნიშვნელობა არ აქვს. ამის გამო, ბევრი მათგანი უბრალოდ უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ისეთი ფაქტები, სადაც სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა არჩევნების შედეგები“, – აღნიშნა თედლიაშვილმა.
იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა, თუ რას ნიშნავს ელექტრონული კენჭისყრა და რა პროცედურების გავლა მოუწევთ საარჩევნო უბანზე.
“მოხისის გარდა, ამ თემებზე დღეს ვესაუბრეთ ბერძენაულში მცხოვრებ აქტიურ ქალებსაც. მათთვის ეს ინფორმაციები სიახლე იყო, რადგან ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვთ. ვფიქრობთ, რომ მიღებულ ცოდნას ისინი თანასოფლებებსაც გაუზიარებენ“, – ამბობს ლანდა ბირთველიშვილი, შეხვედრის ორგანიზატორი.
საინფორმაციო შეხვედრები პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა. პროექტს “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული კენჭისყრის შესახებ?
- იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონური წესით ტარდება, სამაგიდო სიები აღარ იქნება.
- მარკირების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს ვერიფიკაციის სპეციალურ აპარატთან, სადაც რეგისტრაციას გაივლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებით.
- აპარატის მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო, რაც მეთვალყურეს შედარების შესაძლებლობას მისცემს.
- ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველი მიიღებს ქაღალდის ბიულეტენს, რომელიც ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომისაა.ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს საარჩევნო კაბინაში, სადაც მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ის წრე, რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
- იმისთვის, რომ ხმის მთვლელმა ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალოს, წრე კარგად უნდა გაფერადდეს.
- ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
- კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და მასზე კონვერტს ისე დებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
- აპარატი კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით, ბიულეტენს ავტომატურად აგდებს მის ქვეშ განთავსებულ ურნაში.
- რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია.
- ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შეიძლება, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია, რომ დაბრუნებული ბიულეტენი ხელმეორედ მოათავსოს აპარატში, თუმცა თუ ამომრჩეველი წარწერის გამოტანამდე დატოვებს საარჩევნო უბანს, მისი ხმა დაიკარგება.