ახალი ამბები

“ქარელში სატრანსპორტო ქაოსია” – ავტობუსების ბილეთები სალაროში აღარ გაიყიდება

თუ რამე არ შეცვალა სახელმწიფომ ავტოსადგურებთან მიმართებაში, მე პირადად ამ საქმეს თავს დავანებებ“, – უთხრა “მოზაიკას” ნოდარ თურმანიძემ, რომელმაც ქარელში ავტოსადგურის გასახსნელად ფართი მერიისგან 10-წლიანი იჯარით აიღო. 

შენობა, სადაც თურმანიძეს ავტოსადგური უნდა გაეხსნა, ქალაქის გასასვლელში მდებარეობს. იქამდე ასვლას კი მოქალაქეები ტაქსით გადაადგილებას ამჯობინებენ. თურმანიძის თქმით, ესაა მიზეზი, რის გამოც იჯარით აღებულ ფართში ავტოსადგურს ამ დრომდე ვერ ხსნის. 

“რომ დაითვალოთ ქარელში 250 ტაქსი მუშაობს, ამის დარეგულირება უნდა მოხდეს როგორმე.  ჩვენი თხოვნა იქნება, გამოიყოს ტაქსებისთვის ერთი ადგილი და იმ ადგილიდან მოხდეს მათი გამოძახება. ყველგან ტაქსები დგანან და ამის გამოა, რომ ჩვენ ავტოსადგურს ამ დრომდე ვერ ვამუშავებთ. იქ მომხმარებელი არ ჩავა“, – ამბობს თურმანიძე. 

მისი თქმით, იჯარით აღებულ ფართში ავტოსადგურის გასახსნელად ყველა პროცედურა გაიარა. 

“ყველაფერი გამართული მაქვს, მესამე კატეგორიის დონეს აკმაყოფილებს ავტოსადგური. შემოწმებაც გავლილი გვაქვს, თუმცა ვერ გადამყავს ავტობუსები სადგურზე, რადგან ქალაქში ასეთი ქაოსი და უკონტროლო სიტუაციაა ტაქსების მხრივ”. 

იგივე მიზეზით, თურმანიძემ ქალაქის ცენტრში არსებული სალაროც დახურა. როგორც ამბობს, სალაროს შემოსავლები ხარჯების დასაფარადაც აღარ ჰყოფნიდა. 

“ბილეთების დასაბეჭდად თბილისში გვიწევდა წასვლა. ხარჯებს ვეღარ ვფარავდით. ყველაფერი გაძვირდა, ჩვენ კიდევ ბილეთის ფასს ვერ ვაძვირებთ, რადგან ხალხს მისი გადახდის საშუალება არ აქვს”. 

როგორც თურმანიძე ამბობს, მოქალაქეები მგზავრობის საფასურს მძღოლებთან გადაიხდიან. 

დატოვეთ კომენტარი