ავტორი: გიორგი ჩუბინიძე
რატომ გვინდა ევროინტეგრაცია? რატომ უნდა წავიდეთ ახალგაზრდები არჩევნებზე? – ეს ის შეკითხვებია, რომელსაც თოთოეული ჩვენგანი პირდაპირ თუ ირიბად, ღიად თუ ქვეცნობიერად ვუსვამთ საკუთარ თავს. თითოეული ადამიანი ერთი და განუმეორებელია, საკუთარი პიროვნებით, იდენტობით, არსით…
ქრისტიანულ ღირებულებებს ოდნავ მაინც თუ გავეცნობით, გავაცნობიერებთ, რომ ადამიანის არსებობა მთლიანად თავისუფლება და თავისუფალი არჩევანის ნებაა – ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხატად და მსგავსად თვისი. და ეს ხატება და მსგავსება რა არის, თუ არა თავისუფლება, რომელიც ადამიანისთვის საკუთარი გზის არჩევის და განსაზღვრის თავისუფლების მიცემასაც გულისხმობს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიკურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული ქრისტიანული ღირებულებების ერთობა სწორედ ევროპაა – სივრცე, სადაც ერთნაირად იცავენ ტრადიციებს, ოჯახის სიმტკიცეს, სიყვარულის უფლებას და რწმენის ხელშეუხებლობას.
ევროპა არის ადგილი, სადაც მამულს აქვს ფუნდამენტური ღირებულება და ეს ფუნდამენტი არის მკაფიო, მტკიცე და ურყევი, ყველას დასაცავი და მოსაფრთხილებელი.
ევროპა არის სივრცე, სადაც ენაც დაცულია, თავისი მრავალფეროვანი სტრუქტურებით, სიჭრელით, უდიდესი კულტურით და ლიტერატურით.
ეს არის სივრცე, სადაც სარწმუნოებას თავისი უდიდესი და უწყვეტი ტრადიცია აქვს და სადაც ქრისტიანობა პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ლოკომოტივიც კი იყო. შუა საუკუნეებს ჯვრისა და მახვილის ქორწინებას უწოდებს ისტორიოგრაფია.
ევროპაში გაჩნდა პირველი და უძველესი უნივერსიტეტები. დაიბადა თეოლოგიური მსჯელობანი და განათლების მნიშვნელობა სულ უფრო წინ და წინ მიდიოდა.
ევროპაში დადგა წინ ადამიანი, როგორც უნივსრსალური ღირებულება და კი, სწორედ ამ თითოეული კრიტერიუმით საქართველო არის არა უბრალოდ ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფო, არამედ ამ კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული ერთობის ნაწილი, თავისი ყველა ღირებულებით.
ჩვენი საზოგადოება ღირსია იყოს თავისუფალი. უყვარდეს ამ მცირერიცხოვან ერს ერთმანეთი და ვირჩევდეთ ღირსეულებს და თავადვე განვკარგავდეთ ჩვენივე არჩეულებს. ღირსნი ვართ, ვიყოთ ადამიანები და არა ფარაში გარეკილი ცხვრები. ღირსნი ვართ, მივემსგავსოთ მწყემს, ქრისტეს და არა – რიგით ცხვარს.
ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭირეთ ჩვენს ევროპულ წიაღში ჩვენს ადგილს.