“ბევრი სიახლეა, რაც ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა არ იცის“, – აღნიშნეს ხელთუბანში, “მოზაიკას” მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელექტრონული არჩევნების პროცედურები მათთვის სიახლეა და ბევრი დეტალია, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია.
“მაგალითად, აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხმის ფარულობა ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების დროსაც დაცულია. იცოდნენ, როგორ უნდა დააფიქსირონ სწორად საკუთარი არჩევანი. ასევე იცოდნენ ის პროცედურები, რასაც საარჩევნო უბანზე გაივლიან“, – აღნიშნა ია საურმა.
ხელთუბანში მცხოვრებ აქტიურ ქალებს ელექტრონული არჩევნების შესახებ “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თეა თედლიაშვილი ესაუბრა.
“წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმას ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცემს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ და ასევე, გაიაზროს საკუთარი, როგორც ამომრჩევლის უფლებები და როლი” – აღნიშნა შეხვედრაზე თეა თედლიაშვილმა.
შეხვედრა პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონული კენჭისყრის შესახებ?
- იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონური წესით ტარდება, სამაგიდო სიები აღარ იქნება.
- მარკირების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს ვერიფიკაციის სპეციალურ აპარატთან, სადაც რეგისტრაციას გაივლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებით.
- აპარატის მონიტორზე გამოჩნდება ამომრჩევლის ფოტო, რაც მეთვალყურეს შედარების შესაძლებლობას მისცემს.
- ვინაობის ელექტრონულად დადასტურების შემდეგ, ამომრჩეველი მიიღებს ქაღალდის ბიულეტენს, რომელიც ჩვეულზე ოდნავ დიდი ზომისაა.ბიულეტენის მიღების შემდეგ, ამომრჩეველი გადაინაცვლებს საარჩევნო კაბინაში, სადაც მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ის წრე, რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.
- იმისთვის, რომ ხმის მთვლელმა ბიულეტენი ბათილად არ ჩათვალოს, წრე კარგად უნდა გაფერადდეს.
- ამის შემდეგ, არჩევანის ფარულობისთვის, ბიულეტენი იდება სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.
- კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ხმის მთვლელ აპარატთან მიდის და მასზე კონვერტს ისე დებს, რომ ბიულეტენის ცარიელი მხარე იყოს ზევით.
- აპარატი კონვერტიდან ოდნავ ამოწეული ნაწილით, ბიულეტენს ავტომატურად აგდებს მის ქვეშ განთავსებულ ურნაში.
- რამდენიმე წამში აპარატის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ბიულეტენი მიღებულია.
- ამომრჩეველი უნდა დაელოდოს ამ წარწერას, რადგან შეიძლება, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია, რომ დაბრუნებული ბიულეტენი ხელმეორედ მოათავსოს აპარატში, თუმცა თუ ამომრჩეველი წარწერის გამოტანამდე დატოვებს საარჩევნო უბანს, მისი ხმა დაიკარგება.