“მოგვარდეს ნაგავსაყრელის საკითხი, ჰაერი იწამლება და ჩვენც ვიწამლებით”, – ამბობენ გორელები და მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
უკვე რამდენიმე წელია, რაც გორელები ქალაქში უსიამოვნო სუნის გამო ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას კვერნაქის დასახლებაში მდებარე მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელი იწვევს და შიშობენ, რომ ვითარება ამ ტერიტორიაზე ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის აშენების მერე კიდევ უფრო გამწვავდება.
“გორის მერი, დავიჯერო ოჯახის წევრები არ გყავთ? ბავშვები არ გყავთ? ყარს ქალაქი, ყარს! ჩვენ თუ არა, თქვენი ოჯახის წევრებს მაინც გაუფრთხილდით და ამ ჰაერს ნუ ასუნთქებთ! აღარ შეგვიძლია. ამოვიგუდეთ ამ სუნში”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე გვანცა ბოლოთაშვილი.
რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის ამბავს მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა. მათ კვერნაკის დასახლებაში საპროტესტო აქციაც კი გამართეს.
ამავე თემაზე: რეგიონული ნაგავსაყრელი გორში – რა იგეგმება და რას ითხოვენ ადგილობრივები?
“უფრო მეტად უნდა აყროლდეს, რომ მთელი ქალაქი შეწუხდეს და გამოვიდეს ხალხი. კვერნაკქე აქციას 5-6 ადამიანი ესწრებოდა მხოლოდ. თითქოს, მარტო კვერნაქელების პრობლემა იყოს. განცხადება დავწერეთ, ხელმოწერები შევაგროვეთ და იმედია რეაგირება ექნება. ეს მარტო კვერნაქის არა, გორის პრობლემაა”, – ამბობს ლანა მჭედლიშვილი.
როგორც ცნობილია, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გორში მასშტაბური ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს, რომელიც ერთრულად 8 მუნიციპალიტეტს მოემსახურება.