გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყველაანთუბანში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ინიციატორი გერმანიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენია.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ყველაანთუბანში მასშტაბური კომპლექსი გაშენდება.
ამავე თემაზე: სასტუმრო, ხელოვნური ტბა, აუზები – რა გაკეთდება ყველაანთუბანში
“მოზაიკა” შეეცადა გაერკვია, ვინ არის ლევან ლეხლაითნერი და რა ბიზნესინტერესები აკავშირებს საქართველოსთან
ლევან ლეხლაითნერი წარმოშობით გორიდანაა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი საცხოვრებელი სახლი, პუშკინის ქუჩაზეა.
ქართულ მედიასივრცეში მასზე თითქმის არაფერი იძებნება, თუმცა გერმანულენოვან გამოცემბში მასზე ხშირად წერენ. როგორც ირკვევა, ბიზნესმენს გერმანიაში რამდენიმე ბიზნესი აქვს, ერთ-ერთია კომპანია “პარმენ”, რომელიც ქართულ ღვინოს აწარმოებს.
“კარგი ქართული ღვინო ისეთივე ძვირფასია, როგორც ბულბულის ცრემლი,- ეს ციტატა ჩემს ბაბუას, პარმენს ეკუთვნის და ჩვენი ოჯახი ღვინისადმი დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენი.
კომპანიები საქართველოში და კავშირი “ქართულ ოცნებასთან”
ლევან ლეხლაითნერი ათამდე კომპანიაში ფიქსირდება მეწილედ და დირექტორად. ის ქართულ ბიზნეს-რეესტრში პირველად 2019 წლიდან ჩნდება. მან ამ წელს, შპს “ლვ ინვესთმენთ” დაარეგისტრირა.
ამ დროისთვის, ლევან ლეხლაითნერს წილები უფიქსირდება შემდეგ კომპანიებში:
- შპს “დ.ს.კ-1”-ში ფლობს წილების 49% -ს;
- შპს “ლლბ ბაუს” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია;
- შპს “არყიანი შალე რეზორტ და სპას” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია;
- შპს “ლეკო მოცვის” წილების 50%-ს ფლობს;
- შპს “ლაქშერი ლივინგ”-ის წილების 100%-იანი მფლობელია;
- შპს “მარკეტ 75”-ის წილების 100%-იანი მფლობელია;
- შპს “ლვ ინვესთმენთ”-ის წილების 100%-იანი მფლობელია;
ინფორმაციისთვის, კომპანიებს ფლობს ლევან ლეხლაითნერის ოჯახის წევრიც, პარმენ ბრეგვაძეც. ის რამდენიმე კომპანიაში დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. მასვე უფიქსირდება პოლიტიკური შემოწილობა “ქართული ოცნებისთვის”, 2021 წელს, 7000 ლარის ოდენობით.