“ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს დიქტატურასა და თავისულებას შორის”, – ამბობს “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.
მან ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გორში გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ცუცქირიძემ აღნიშნა, კოალიციის “ძლიერი საქართველო” საარჩევნო პროგრამა ყველა ასაკის და სოციალური სტატუსის მოქალაქის ინტერესებს, გამოწვევებს და საჭიროებებს უპასუხებს.
“ის პროგრამა, რომელსაც “ძლიერი საქართველო” წარვადგენთ, იქნება რეალისტური, მაგრამ ამავდროულად ამბიციურიც, სადაც ნახავთ ბევრ საინტერესო გეგმას ამ ქვეყნის განვითარებისთვის და მგონია, რომ ყველა ქალაქი, ყველა რეგიონი ამ პროგრამაში ნახავს, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. ეს არის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია არ იქნება მუნიციპალური დონის პროგრამები, თუმცა ის ინსტიტუციური საკითხები, ის პოლიტიკური საკითხები, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, პროგრამაში იქნება ნათლად ასახული. მაგალითად ჯანდაცვის სერვისების, განათლების ხელმისაწვდომობა, დაცულობა და უსაფთხოება, ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებიც შიდა ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, საოკუპაციო ხაზთან არის ბევრი სოფელი, სადაც უბრალო ამბულატორიაც კი არ არსებობს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, კოალიციის წევრები აქტიურად ხვდებიან მოქალაქეებს და პირველ რიგში, არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ მათ.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი ამომრჩეველისთვის იმის მოყოლა და თქმა, თუ რა რისკები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები გვაქვს, თუ ქვეყანაში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც მოყვება ხელისუფლების ცვლილებას“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
როგორც “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, “ქართული ოცნება” ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს. მისი თქმით, ესაა ერთ-ერთი, რაც ხელისუფლებაში მოსულმა პარტიებმა უნდა შეცვალონ.
“ხელისუფლებაში მოსული პარტიები უნდა ხვდებოდნენ, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან ხალხთან. როგორც კი პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ ისინი პასუხს ვიღაცა ზემდგომთან კი არ აგებენ, არამედ ანგარიშვალდებულები არიან ამომრჩევლების წინაშე, ეს ავტომატურად გამოიწვევს მართვის გაუმჯობესებას და პოლიტიკის შეცვლას ქვეყანაში. დღეს “ქართული ოცნება” არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე”.