“ხაშურში წყლის პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარს 24 საათიანი წყლის მომარაგება ექნება. მხოლოდ, მშვიდობით, ღირსებით კეთილდღეობით”, – აცხადებს ზაალ დუგლაძე, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
ამ დაპირებას დუგლაძე საზოგადოებას არქივიდან ამოღებული ჩანაწერით აძლევს, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოს ახლანდელი კადრებიც გასდევს, სადაც ნაჩვენებია წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
“ხაშურში წყლის პროექტის სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარს 24 საათიანი წყლის მომარაგება ექნება. მხოლოდ, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ”, – წერია დუგლაძის მიერ გამოქვენებულ პოსტში.
ოპოზიცია ამ დაპირების ბოლომდე განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. ეკატერინე პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროპული დაფინანსებით დაწყებული პროექტისთვის დამატებითი ხარჯების მოძიება ხელისუფლებას გაუჭირდება.
“2016 წლიდან გვესმის ეს დაპირება. კი, დაიწყო პროექტი, რაც სასიხარულოა, თუმცა პროექტი ხორციელდება საფრანგეთის მთავრობის და ევროკავშირის მხარდამჭერით და მისი დასრულება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინაიდან სჭირდება დამატებითი თანხები და იმ ფონზე, როცა ქვეყანამ მიიღო რუსული კანონი და ყოველდღე ისმის ევროკავშირის კრიტიკა, დამატებითი დაფინანსების მიღება ნაკლებად სავარაუდოა”, – ამბობს ეკატერინე პაპუაშვილი, ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისფულებაში ყოფნის 12 წლისთავზე მმართველი პარტია ხაშურელების გულის მოგებას, ისევ წყლის სისტემის მოწყობის დაპირებით ცდილობს, თუმცა ამჯერად, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სასმელი წლის უწყვეტად მიწოდებისთვის სამუშაოები დაწყებულია.
ინფორმაციისთვის, წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხაშურში ერთი წლის წინ დაიწყო. სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.” ახორციელებენ.
ამავე თემაზე: დამატებით 30 მლნ ევროს სესხი ხაშურის წყალმომარაგებისთვის – რა ეტაპზეა პროექტი
ამავე თემაზე: ხაშურის მერია ამბობს, რომ წყალმომარაგების სისტემების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს