ახალი ამბები

ზღუდერში 28 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ძმები, თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი კისერზე ხელის მოჭერით გაგუდეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 2 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.