კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მცხოვრებ სოციალურად დუცველ ოჯახს მერიამ დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებაზე უარი უთხრა. სახლში, რომლის შეკეთებასაც, მშობლები ხელისუფლებას სთოვენ, 4 არასრულწლოვანი ცხოვრობს – 11, 9, 3 და წლინახევრის ბავშვები.
“ბავშვების გამო, ყოველდღიურად შიშში ვარ. წვიმის დროს როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნით. ეხლა კედელიც ჩამოინგრა და კარადა მივაყუდე, რომ არ გადმოვარდნილიყო. მერიას შარშანაც მივმართე და წელსაც. მოვიდნენ, ფოტოები გადაიღეს, ჩაუწერეს რაღაც დეტალები და სამ დღეში დაგვირეკეს უარით, არ გვაქვს უფლება სოფლებში ხალხს სახლები შევუკეთოთო“, – უთხრა “მოზაიკას” ნესტან ზაქარაძემ.
ოჯახის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
“ჩემი მეუღლე სეზონურად მუშად დადის, მაგრამ ის ხელფასიც და ეს სოციალური დახმარებაც თითქმის სულ ბანკის ვალში მიდის. რაც გვრჩება პურის ფულადაც არ გვყოფნის”.
ოჯახი ახლა ცდილობს, რომ შვილები ახალ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესისთვის გაამზადოს. როგორც ნესტანი ამბობს, უფროსი შვილი, 11 წლის ბიჭი ახალი ტანსაცმლისთვის ფულის შეგროვებას დამოუკიდებლად ცდილობს.
“სასწავლო წელი იწყება და ბავშვები მოსამზადებელი მყავს. პატარებს ბაღში ისევ ძველი ტანსაცმლით მივიყვან, დიდებისთვის ფული ვისესხე და იმით უნდა ვუყიდო რამე. უფროსი ბიჭიც მეხმარება და თავის ტანსაცმლის ფულს თვითონ შოულობს, მუშად დადის ხოლმე. ამ მხრივაც არავინ დაგვხმარებია”.