გორში გოგებაშვილის ბულვარის პარალელურ სანაპიროს, პუშკინი-ცხინვალის მაგისტრალის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს “იბოლია” ასრულებს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა 1033 მეტრი ახალი გზა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, საფეხმავლოებითა და პანდუსებით.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის კომპანიას 1 929 590 ლარი უნდა გადაუხადოს. ამ დროისთვის, კომპანიას მიღებული აქვს 637 660 ლარი, რაც სრული ღირებულების 33%-ია.
გორის მერიამ “იბოლიასთან” აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმა. მაშინდელი პირობებით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრებულიყო, თუმცა მასშემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილება ვადის გაგრძელების შესახებ 3-ჯერ შევიდა და ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე გადაიწია.
“სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოიშვა ისეთი გარემოებები, რის გამოც საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში, რაც მოითხოვს დროსა და შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, გვთხოვს მიწოდების ვადის გაგრძელება”, – ნათქვამია კომპანიის განმარტებაში.
“იბოლიას” თხოვნას გორის მერია დაეთანხმა და სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელა.