ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ამ კონცერტით ხაშურელების გულს ვერ მოიგებს – ეკა პაპუაშვილი

“ქართულ ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ქალაქის გულს ამ კონცერტით მოიგებს, ძალიან ცდება, – ასე ეხმაურება ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ენმ-ის წევრი ხაშურში დაგეგმილ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტს.

პაპუაშვილის თქმით, ადგილობრივების მთავარი საფიქრალი ის პრობლემებია, რომლებიც მათ ქალაქში წლებია არსებობს და ამ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოაგვარა.

“ქართულ ოცნებას თუ ჰგონია, რომ ქალაქის გულს ამ კონცერტით მოიგებს, ძალიან ცდება – ქალაქის, რომელიც ნაომარს და დაბომბილს გავს, გადათხრილი ქუჩები, სიბინძურე, მტვერი, სიბნელეა. იმღეროს, ვისაც ემღერება, თუმცა არ მგონია რომ ხაშურში “ქართულ ოცნებას” სამღერლად ჰქონდეს საქმე”, – ამბობს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში არათანაბარ და არადემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის.

“საარჩევნოდ არა დემოკრატიული გარემოს შექმნა უკვე დიდიხნის პრაქტიკაა, თუმცა ამით მხოლოდ საკუთარ თავს იზიანებენ და ადამიანებს უფრო მეტად არწმუნებენ იმაში, რომ 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” უნდა დამარცხდეს”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი დღეს ხაშურში იმართება. მსგავსი მუსიკალური ღონისძიებების მოწყობას მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი