ახალი ამბები

ხაშურის N3 სკოლის მასწავლებელი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია

ხაშურის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ჩივნინგის (Chevening) სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია. ნანა გელაშვილი სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება და ლიდსის უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებს.

ჩავირიცხე ლიდსის უნივერსიტეტში – განათლების ფაკულტეტზე, რაც თავიდანვე იყო ჩემი მიზანი, რადგან ლიდსის უნივერსიტეტი არამხოლოდ მოწინავე პოზიციებს იკავებს საუნივერსიტეტო რეიტინგებში, არამედ მისი საგანმანათლებლო გარემო და პროგრამა ორიენტირებულია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე“, – გვითხრა გელაშვილმა. 

მისი თქმით, ბრიტანეთში სწავლა ყოველთვის იყო მის მიზნებში. 

“დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საქართველოს საგანმანათლებლო სფეროც მუდმივი განვითარების პროცესშია, თუმცა არის გარკვეული მიმართულებები, რაც კიდევ უფრო მეტ რესურსს მოითხოვს. ამდენად, დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემს სამშობლოში ახალი მიდგომების და პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით.” 

ინფორმაციისთვის, ჩივნინგი (Chevening) არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სრული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის და ვიზის ხარჯებს.

დატოვეთ კომენტარი