სტატიები

ვინ შეცვლის გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადადგომის შემთხვევაში?

პარლამენტარობის სურვილის შემთხვევაში, გორის მერს თანამდებობის დატოვება მოუწევს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამდებობა პარლამენტარობის კანდიდატად რეგისტრიციიდან არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა დატოვოს. 

პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, გორის მერი ვალდებულია რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გადადგეს თანამდებობიდან”, – გვითხრა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა, თეა თედლიაშვილმა.

იურისტის თქმითვე, საარჩევნო კოდექსის თანახმად, გორის მერის გადადგომის შემთხვევაში მუნიციპალიტეტეში მერის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. 

კანონის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება აპრილში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

მომავალი წელი თვითმმართველობების არჩევნების წელია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და კანონის შესაბამისად, მერის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს“, – განმარტავს იურისტი. 

ამჟამად, გორის მერს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. როგორც “მოზაიკას” მერიაში უთხრეს, მეორე მოადგილის შერჩევის საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას. 

გორის მერს ამ ეტაპზე კვლავ ერთი მოადგილე ჰყავს. არც დაგეგმილია ჯერჯერობით კადრის შერჩევა“, – გვითხრეს მერიაში. 

ამჟამინდელი მდგომარეობით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის რეგისტრაციის შემთხვევაში, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ შიოშვილი გახდება. როგორც შიოშვილმა “მოზაიკას” უთხრა, ეს საკითხი საბოლოოდ მისი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია. 

ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ საუბარი არ ყოფილა, ამაზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმსჯელებს და გადაწყვეტენ. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რიგითი ჯარისკაცი, სადაც ჩათვლიან საჭიროდ მე იქ ვიქნები“, – გვითხრა შიოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გორი-კასპის საარჩევნო ოლქში პარტიის დელეგატად გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, მის მიერ წარდგენილი დელეგატები პარტიის პროპორციული სიის შემადგენლობაშიც იქნებიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.