ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და პარტიის “გორი-საქართველოსთვის” წევრი მაია ბოლაშვილი.
ბოლაშვილი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია შეუძლებელია.
“ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი საკითხი. კერძოდ, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში უკვე აშკარაა, რომ შეუძლებელია“, – ამბობს მაია ბოლაშვილი.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო.
“არჩევნებზე არ მისვლით, თითოეული მოქალაქე საშუალებას მისცემს მმართველ პარტიას, რომ კიდევ შემდგომი ოთხი წელი ქვეყანა ამყოფონ კორუფციის, ნეპოტიზმისა და სრული სტაგნაციის სიტუაციაში, რაც ისევ და ისევ აწყობს ოკუპანტ რუსეთს და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მთელი ძალისხმევით რუსეთისკენ მიაქანებს“,- თქვა ბოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” გორის ოფისს 31 აგვისტოს გახსნის. სწორედ ამ დღიდან დაიწყებს პარტია აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონში.