გორში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის რეფორმის შესახებ ლექცია-სემინარების ციკლი იწყება. ინიციატორი პარტიის “ახლები” წევრი ირმა ამბარდნიშვილია.
მისი თქმით, ლექციებზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, ვისაც გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბედი აწუხებს.
ლექცია-სემინარების ციკლი 4 სექტემბრიდან დაიწყება.
“ყველა მსურველს შეუძლია ჩაეწეროს წინასწარ და დაესწროს ლექციას. ყველას შეეძლება საკუთარი ხედვის გაზიარება, თუ როგორ ესახებათ ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული რეფორმის გატარება. სემინარზე იქნებიან ჟურნალისტები, არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და უბრალოდ ამ თემით დაინტერესებული მოქალაქეები. თემა იქნება: კულტურის რეფორმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხედვა. აქვე დავგეგმავთ შემდეგი ლექციის თემასაც”, – გვითხრა ირმა ამბარდნიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული პოტენციალის მართვაზე დისკუსიები ადგილობრივ დონეზე დაიწყოს და ამ პროცესში მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს.
“საუბარი იქნება, უნდა იყოს თუ არა უფლისციხე, სტალინის სახლ- მუზეუმი გორის მეურვეობის და პატრონაჟის ქვეშ. არსებული მუზეუმებიდან შემოსავალი როგორი ფორმით უნდა დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში და მილიონობით თანხა როგორ გადანაწილდეს. ასევე, შეგიძლიათ დასვათ მომავალი სალექციო კურსისთვის თქვენთვის საინტერესო კითხვები”, – ამბობს ამბარდნიშვილი.
პირველი ლექცია-სემინარი 4 სექტემბერს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის N58 -ში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.