ხაშურის მე-8 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დეკუპაჟის სახელოსნო გახსნეს, სდაც ხელნაკეთ სუვენირებს შექმნიან – ინფორმაციას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ავრცელებს.
დეკუპაჟი ნივთების გაფორმების ერთ-ერთი ძველი ტექნიკაა, რომელიც სხვადასხვა ზედაპირების გაფორმებას და მისთვის განსხვავებული ელფერის მიცემას გულისხმობს.
აქტივობა პროექტის “ბავშვები დედების გასაძლიერებლად” ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თემში მცხოვრები დედების სამეწარმეო კომპეტენციის ამაღლებას უწყობს ხელს.
“მოზარდებმა მიზნად დაისახეს თემში მცხოვრები დედების სამეწარმეო კომპეტენციის ამაღლება და სკოლაში გახსნეს დეკუპაჟის სახელოსნო. ასევე, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ ვაქციოთ ჰობი ბიზნესად”. მოსწავლეებისა და მათი მშობლების ხელით შექმნილი ნამუშევრებისთვის გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა და გაჩნდა იდეა, რომ გაიხსნას ონლაინ მაღაზია, სადაც მათ მიერ დამზადებული ნივთები გაიყიდება“, – ვკითხულობთ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში და სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. სწორედ ამ ფორმატით, დეკუპაჟის სახელოსნო “MSG HOUSE-Gori”-ის დაფინანსებით გაიხსნა.