მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ თითქოს ღირსებით მივდივართ ევროპისკენ. რეალურად, მივდივართ რუსეთისკენ, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და პარტიის “გორი-საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ევროპასა და რუსეთს შორის მოუწევს.
“2012 წელს სხვა ტიპის გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, მაშინ არ იყო ის გამოწვევევა, რომ ქვეყანა რეალურად უხვევდა დასავლურ კურსს. მაშინ ლოკალური პრობლემა იდგა – ხელისუფლება გვყავდა, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა. დღეს სხვა ტიპის პრობლემა გვაქვს – დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის“, – ამბობს ფანიაშვილი.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს.
“ვფიქრობ, რომ გაყალბების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ მინიმუმ უმრავლესობის აღება, საკონსტიტუციოზე საერთოდ არაა ლაპარაკი, უმრავლესობასაც კი ვერ აიღებენ. ყველა ობიექტური კვლევით “ქართულ ოცნებას” შედეგი მთელი ქვეყნის მასშტაბით 27-28% აქვს, ამიტომ გაყალბების გარეშე, ისინი უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”.
შეგახსენებთ, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” გორის ოფისს 31 აგვისტოს გახსნის. სწორედ ამ დღიდან დაიწყებს პარტია აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონში.