პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია გორში მოქალაქეებს შეხვდება.
“გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წევრის მამუკა ფანიაშვილის თქმით, იგეგმება ოფისის გახსნა და გორელ მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც პარტიის ლიდერი ადგილობრივებთან გორის პრობლემებზე და წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრებს.
“ორი შეხვედრა გვექნება. ერთი, სადაც ჩვენი მხარდამჭერები, შტაბის წევრები, აქტივისტები ვიქნებით და თან ოფისს გავხსნით. გარდა ამისა, გიორგის სხვადასხვა ლოკაციაზე ექნება მოსახლეოობასთან შეხვედრები, სადაც საუბარი იქნება ჩვენი პარტიის ხედვებზე, პროგრამაზე, რას ვპირდებით მოსახლეობას, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და ბრძოლაზე გადარჩენისთვის, რაც ახლა მიდის ქვეყანაში. ვუპასუხებთ მოსახლეობის კითხვებს იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ, როგორიცაა ძაღლები, ნაგავსაყრელი, ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი გვექნება“, – ამბობს ფანიაშვილი.
ფანიაშვილის ინფორმაციით, პარტიის აქტივისტები დღეიდან ამომრჩეველთან შეხვედრებს დაიწყებენ და მათთან ერთად გორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
“ჩვენ დღეიდან ვიწყეთ ქუჩაში, უბან-უბან სიარულს. ჩვენი აქტივისტები გავლენ და საარჩვენო პროგრამას გააცნობენ მოქალაქეებს“, – განმარტავს ფანიაშვილი.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გორის ოფისს 31 აგვისტოს 18:00 საათზე გახსნის.