ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხალების ადმინისტრაციულ ერთეულში ზამთრის კურორტის აშენება იგეგმება. ნებართვა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინიციატორ კომპანიას უკვე მისცა. კურორტის აშენება სურს შპს-ს, რომლის დირექტორთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეები სხვადასხვა წლებში “ქართული ოცნების” შემწირველები იყვნენ.
რისი აშენება იგეგმება?
სამთო-სათხილამურო კურორტის პროექტის ავტორებს სურთ ხალების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე “შუანო ველი” მოაწყონ, რაც შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მცირე ზომის კოტეჯების ჩადგმას, მრავალნომრიანი სასტუმროს და ადმინისტრაციული ობიექტების მშენებლობას გულისხმობს.
ტერიტორიის ფართობი, რომელზეც კურორტის აშენება იგეგმება, 95 000, 00 კვ.მ -ია.
ვინ აშენებს?
კურორტის აშენებას შპს “ინგლისურ ქართულ ალპურ კურორტები” აპირებს, რომლის დირექტორი ბრიტანელი ბიზნესმენი პოლ ტომას ჰენდერსონია. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2005 წლიდან არსებობს. ჰენდერსონის გარდა კომპანიას ჰყავს ასევე 6 მეწილე.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი ბიზნესმენი საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიის დირექტორად ფიქსირდება. ერთ-ერთია შპს “ერანოს პარტნერს”, რომელშიც პოლ ტომას ჰენდერსონი 100% -იანი წილის მფლობელია და მისი კომპანიაა ასევე შპს “ბისთ ანლიშდ თრეიდინგ”. ორივე კომპანია მან 2023 წელს დაარეგისტრირა.
ჰენდერსონი დირექტორად ფიქსირდება ასევე შპს-ში “იუნიკარგო”, რომლის ორი მეწილე “ქართული ოცნების” შემწირველია.
ვინ არიან “ოცნების” შემწირველი მეწილეები?
გიორგი ადეიშვილს, რომელიც 2023 წელს შპს -ში “ინგლისურ ქართულ ალპურ კურორტები” 18 %-იან წილს ფლობდა, სახელისუფლებო პარტიისთვის 2017 წელს – 25 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული.
რაც შეეხება მეორე მეწილეს, ჯუმბერ გოგიტიძეს, მას პოლიტიკური შემოწირულობა უფიქსირდება 2018 წელს. მან სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, 20 000 ლარი შესწირა.
“ქართული ოცნების” შემწირველია კიდევ ერთი, ბრიტანელ ბიზნესმენთან დაკავშირებული კომპანია, შპს “იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ”, რომელსაც მმართველი პარტიისთვის 2016 წელს 50 000 ლარი აქვს შეწირული. აღნიშნულ კომპანიაშიც პოლ ტომას ჰენდერსონი დირექტორად ფიქსირდება.